Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:24 22.09.2019
„საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბებს, რომ ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოეცათ“

საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ზურაბ დათუნაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:


 

„ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში დღეს ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებებს, განსაკუთრებით კი თითოეულ ჩემპიონსა და მედალოსანს ვულოცავ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას. ბიჭებს, ვინც უკვე შეძლეს ოლიმპიური ლიცენზიის აღება ვულოცავ, ხოლო დანარჩენებს მომავალში წარმატებას ვუსურვებ. მოგეხსენებათ, წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს ოლიმპიური ლიცენზიების გათამაშების გამო, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა და მეც მთელი წლის განმავლობაში, მიუხედავად პრობლემებისა, განსაკუთრებით ვემზადებოდი. მაისის თვიდან მზადებას სერბეთის ნაკრებთან ერთად გავდიოდი და სერბული მხარიდან იყო სურვილი და სრული მზაობა მათი ქვეყნის სახელით მეასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმაც წერილობითი თანხმობა მისცა სერბულ მხარეს ჩემი სერბეთის სახელით ასპარეზობაზე, თუმცა აღნიშნული მაინც ვერ მოხერხდა, რადგან ქართული მხარისგან ამ პროცესს მაინც ხელი შეეშალა, კერძოდ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბებს, რომ ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოეცათ. ჩემთვის სამწუხაროა, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პირადი ინტერესების გამო ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მომიწია, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ სპორტულ კარიერას გავაგრძელებ და ჩემი მიზნების ასრულებისთვის ბრძოლის საშუალება კვლავ მომეცემა. მადლობა ყელას, ვინც ამ ხნის განმავლობაში მგულშემატკივრობდით და ინტერესდებოდით ჩემი მომავლით“,- წერს ზურაბ დათუნაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge