Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:53 10.10.2019
11 ოქტომბერს, თბილისი ვახტანგ ბარდაველიძის პერსონალურ გამოფენას პირველად უმასპინძლებს

 

11 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისი პირველად უმასპინძლებს ევროპასა და აშშ-ში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ვახტანგ ბარდაველიძის პერსონალურ გამოფენას - „სივრცედ ქმნილი ფერი“. 50-ზე მეტი ნახატი და სკულპტურა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოიფინება და მსურველების ექსპოზიციის დათვალიერება 18 ოქტომბრამდე შეეძლება.


ვახო ბარდაველიძე ქართული აუდიტორიისთვის ამ დრომდე ცნობილი არ იყო. თუმცა, მისი ნამუშევრებით დაინტერესებულები არიან ამერიკელი და ევროპელი კოლექციონერები და ვახო ბარდაველიძის ნახატები მათ კოლექციებში დღემდე ინახება. რამდენიმე მათგანი 11 ოქტომბერს თბილისს სპეციალურად გამოფენაზე დასასწრებადაც ეწვევა.

 

ვახო ბარდაველიძე ერთადერთი მხატვარია, რომლის ბეჭდური, ან ონლაინ კატალოგი არ არსებობს. თავად ამბობდა, რომ არაერთ ფოტოგრაფს ჰქონდა სურვილი, ფირზე აღებეჭდა მისი ნამუშევრები, თუმცა ნახატების სრული ვიზუალიზაცია ვერ ხერხდებოდა. მიზეზი ხატვის განსაკუთრებული ტექნიკაა. ვახო ბარდაველიძე არა ჩვეულებრივ ტილოზე, არამედ სამედიცინო დოლბანდზე ხატავდა. სწორედ ტილოს მსგავსად გადაჭიმული სამედიცინო დოლბანდით ახერხებდა იმ სივრცის შექმნას, რის გამოც მის ნამუშევრებში განსხვავებულია ფერები და აღქმა. იმისათვის, რომ დამთვალიერებელმა სრულად შეიცნოს ნამუშევარი, ის ადგილზე, შესაბამისი განათების ფონზე უნდა ნახოს. ზოგიერთი მათგანი ორმხრივია და მათი კედელზე დაკიდება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

 


ვახო ბარდაველიძის ოჯახს მისი 50-მდე ნახატი და რამდენიმე სკულპტურა შემორჩა. ნამუშევრები მიუნხენიდან თბილისში ჩამოიტანეს, რათა მხატვრის სურვილი შეესრულებინათ და ის ქართველი აუდიტორიისთვისაც გაეცნოთ. ვახო ბარდაველიძე დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში ცნობილი იყო როგორც არა მხოლოდ არტისტი, არამედ - არტ თერაპევტიც. გარდა ამისა, მისი ინიციატივით, წლების განმავლობაში ხორციელდებოდა არაერთი საქველმოქმედო პროექტი, რომლითაც მიუსაფარ და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარებოდნენ. 2001 წელს UNESCO-სთან ერთად საქართველოში საზაფხულო სამხატვრო აკადემიაც დააარსა. მსგავსი პროექტებიდან გამომდინარე, ვახო ბარდაველიძის ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, მისი სახელობის ფონდიც დააარსონ, რომელიც სამხატვრო აკადემიის წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდიას დაუნიშნავს. ფონდის წარდგენაც გამოფენის გახსნის დღეს იგეგმება.


მსურველებს ექსპოზიციის დათვალიერება  ერთი კვირის განმავლობაში, 18 ოქტომბრამდე, 10-დან 7 საათამდე შეეძლებათ.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge