Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:42 12.10.2019
„სივრცედ ქმნილი ფერი“- ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

მხატვრობის განსაკუთრებული სტილი და ტექნიკა, ფერებისა და თანამედროვეობის ჰარმონიული შეხამება -11 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროპასა და აშშ-ში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ვახტანგ ბარდაველიძის პერსონალურ გამოფენა - „სივრცედ ქმნილი ფერი“ - გაიხსნა. შთამაგონებელი და ღრმა, სულში ჩამწვდომი ნამუშევრები, საიდანაც დიდებული ადამიანის ფიქრები იმზირებიან, - ასეთია აწ გარდაცვლილი მხატვრის შემოქმედების მოკლე შეფასება...

 

ვახტანგ ბარდაველიძე ერთადერთი მხატვარია, რომლის ბეჭდური, ან ონლაინ კატალოგი არ არსებობს. თავად ამბობდა, რომ არაერთ ფოტოგრაფს ჰქონდა სურვილი, ფირზე აღებეჭდა მისი ნამუშევრები, თუმცა ნახატების სრული ვიზუალიზაცია ვერ ხერხდებოდა. მიზეზი ხატვის განსაკუთრებული ტექნიკაა. მხატვარი არა ჩვეულებრივ ტილოზე, არამედ სამედიცინო დოლბანდზე ხატავდა. სწორედ ტილოს მსგავსად გადაჭიმული სამედიცინო დოლბანდით ახერხებდა იმ სივრცის შექმნას, რის გამოც მის ნამუშევრებში ფერები და აღქმა განსხვავებულია. იმისათვის, რომ დამთვალიერებელმა სრულად შეიცნოს ნამუშევარი, ის ადგილზე, შესაბამისი განათების ფონზე უნდა ნახოს. ზოგიერთი მათგანი ორმხრივია და მათი კედელზე დაკიდება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

 

მხატვრის ნამუშევრებზე „ჯორჯიან თაიმსს“ მისივე ძმა დავით ბარდაველიძე ესაუბრა:

 

„დღეს, აქ 50-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი, ის, რაც ოჯახს დაგვრჩა. სახელოსნოში ვიპოვეთ და გერმანიიდან, მიუნხენიდან მოხდა ტრანსპორტირება. აქ ასევე, წარმოდგენილია მისი რამდენიმე დაუმთავრებელი ნამუშევარი. ზოგს - არ ყიდდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაყიდვადი იყო. ზოგი არ მოსწონდა თვითონ, ალბათ დაუმთავრებლად თვლიდა, რადგან ამბობდა, რომ, როცა ვიგრძნობ შინაგან წონასწორობას, მაშინ არის ნამუშევარი დამთავრებულიო. 


ბავშობიდან ხატავდა, სულ მუშაობდა და  ძიებაში იყო.  თვლიდა, რომ შემოქმედებაშია მხოლოდ ადამიანი -ადამიანი, შემოქმედებითი პროცესია მთავარი, არა ის-რა, არამედ, ის - როგორ...  ეს გამოხატულება და ტექნიკა მან  თვითონ შექმნა, მიაგნო. ბევრი ექსპერიმენტები ჰქონდა. რაც აქაა გამოფენილი,ისიც კი აჩვენებს იმას, თუ რამდენად  დიდი მხატვარი იყო.“

 

ვახტანგ ბარდაველიძე ქართული აუდიტორიისთვის ამ დრომდე ცნობილი არ იყო. თუმცა, მისი ნამუშევრებით დაინტერესებულები არიან ამერიკელი და ევროპელი კოლექციონერები. ნამუშევრები „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ შეაფასა:

 

„ვახოს უნიკალური, საკუთარი ხელწერა ჰქონდა. ასეთი ორმაგი სივრცის გაჩენა, ქვედა და ზედა დონეების, არსად მინახავს. ძალიან  საინტერესოა მისი დამოკიდებულება ფერთან და კომპოზიციასთან. მისი ტონუსები, რაც არის აქ გამოფენილი, ძალიან ნიჭიერი ადამიანის გაკეთებულია. ის თანამედროვეობის საინტერესო მხატვარი იყო. მიხარია, რომ საქართველოში, საჯარო ბიბლიოთეკაში მოეწყო გამოფენა. ძალიან კარგი ფაქტია ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ხელოვნების მოყვარულებს, კერძოდ კი მხატვრებს უკვე აქვთ საშუალება გაეცნონ ვახოს ნამუშევრებს.“

 

 

გამოფენას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა:

 

„გერმანიასა და აშშ-ში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ვახტანგ ბარდაველიძის შემოქმედება და ეს გამოფენა ნამდვილი აღმოჩენაა ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისათვის.

იგი საკმაოდ ცნობილი მხატვარი იყო გერმანიაში და როგორც ხშირად ხდება, უცხოეთში უფრო დაფასებული, ვიდრე - საქართველოში.

დღეს, მისმა გამორჩეული პატრიოტიზმით ცნობილმა ოჯახმა, ძალიან დიდი საქმე გააკეთა - დაბრუნდნენ საქართველოში და დააბრუნეს ეს ძვირფასი კოლექცია.

მოგიწოდებთ ეწვიოთ გამოფენას!“ -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

 

 

ვახტანგ ბარდაველიძე დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში ცნობილი იყო  როგორც არტისტი, ასევე - არტ თერაპევტიც. გარდა ამისა, მისი ინიციატივით, წლების განმავლობაში ხორციელდებოდა არაერთი საქველმოქმედო პროექტი, რომლითაც მიუსაფარ და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარებოდნენ. 2001 წელს UNESCO-სთან ერთად საქართველოში საზაფხულო სამხატვრო აკადემიაც დააარსა. 

 

მსგავსი პროექტებიდან გამომდინარე, ვახტანგ ბარდაველიძის ოჯახის წევრებმა გამოფენაზე, მისი სახელობის ფონდი წარადგინეს, რომელიც სამხატვრო აკადემიის წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდიას დაუნიშნავს. 

 

გამოფენის დათვალიერება მსურველებს ერთი კვირის განმავლობაში, 18 ოქტომბრამდე შეეძლებათ.

 

/ნინო ოთარაშვილი/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge