Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:23 15.10.2019
როცა სოფელი ხალხისგან დაიცალა, ის მაინც თავის სახლში დარჩენილიყო და ფიცი დაედვა, თავის კარზე რუსი არ გაეტარებინა - ვინ იყო მზექალა არაბული
1926 წელს გაზეთ "დამოუკიდებელი საქართველოს" მე-12 ნომერში, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამოდიოდა, დაიბეჭდა საქართველოს 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მონაწილის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის შალვა ამირეჯიბის სტატია, სახელწოდებით "მზექალა". ავტორის მითითებით ამბავი, რომელიც ერთ ხევსურ ქალზეა, მას ქაქუცა ჩოლოყაშვილმა უამბო. "აი, რა მიამბო ქაქუცა ჩოლოყაშვილმა, ქართველი შეფიცულების ბელადმა. ეს იყო ხევსურეთის აჯანყების დროს, 1924 წლის სექტემბერში. დუშეთთან შეტაკების დროს ხევსურეთში გადავედი, ხევსურებმა სიხარულით მიმიღეს, უნდა იცნობდეთ მთის ამ ქართველებს, გამოცდილებს ომში და მოსიყვარულეთ თავისი ქვეყნის.“


ქაქუცა ჩოლოყაშვილი:


"ჩემი სახელი გაგონილი ჰქონდათ, ამას გარდა, ჩვენს გვარს მუდამ ჰქონდა პატივი ამ ხალხის, რადგან ისტორიულად ჩოლოყაშვილები ამ კუთხის მოურავები იყვნენ. 
ამ ქვეყანაში ყველაფერი ძველი წესებით იმართება და ხალხის უფროს პირებად ითვლებიან არა მთავრობის მოხელენი, მით უმეტეს რუსები, არამედ გვარის უხუცესნი. ისინი მოვიდნენ და მითხრეს, მზად ვართ რუსებისთვის წინააღმდეგობის გასაწევადო. საღამოს ხანს, ჩემს თვალებს საუცხოო სურათი გადაეშალა. სოფლის ერთი კოშკიდან ძახილი გაისმა, ეს იყო განგაში. ეს ხმა ატყობინებდა დანარჩენ სოფლებს, რომ ხევსურეთი ომს იწყებდა. დაინთო კოცონები და მახლობელმა სოფლებმა განგაშითვე უპასუხეს. ერთ ღამეში ყოველმა ხევსურმა იცოდა, რომ დილას იარაღით უნდა გამოსულიყო. ამაზე მეტი არც დრო გვქონდა, რუსის ჯარები, რიცხვით ექვსი ათასი, ფეხდაფეხ მომდევდნენ და ჩემი კაცებისაგან წუთი წუთზე ველოდი მათი ხევსურეთში შემოსვლის ამბავს.

გუდამაყრის მხრიდან თოფი გავარდა. ეს მტრის მოახლოების ნიშანი იყო. მე ცხენი მოვითხოვე და მახლობელ მწვერვალზე დავბანაკდი. ოცი კაცი მაშინვე ორ წყებად გავაგზავნე. ეს ის ადგილია, საიდანაც რუსები უნდა შემოსულიყვნენ. აქ ჩასულ ჩემს კაცებს სამასი შეიარაღებული ხევსური დახვდა. ამ ადგილის მნიშვნელობა ხევსურებმა კარგად იცოდნენ და თავისით მოსულიყვნენ. მალე ხევსურებმა სხვა შემოსასვლელი ადგილებიც ასე დაამაგრეს და ჩემის მხრივ საერთო ხელმძღვანელობა იყო საჭირო. გაიარა ღამემ და დილაზედ რუსებმა შემოტევა დაიწყეს, ტყვია ზუზუნებდა და ზარბაზანი გრიალებდა. ჩემთან მხოლოდ სამი კაცი იყო. ეს იყო მთელი ჩემი შტაბი, მაგრამ სიმცირე არ იყო ჩემი გასაჭირი. 

ნაბადში გახვეული მიწაზედ ვეგდე და ციება, ასე ხშირი ჩემს პარტიზანულ ყოფაში, შედეგი ჩემი გამუდმებული მიწაზედ წოლისა, სულს მღაფავდა, დამეწყო ღამით და დილაზედ სიცხე მომცა. მოდიოდნენ კაცები, მოჰქონდათ ამბები, მიჰქონდათ ბრძანება, მაგრამ დამიჯერეთ, დღესაც არ ვიცი, რა ბრძანებანი იყვნენ ისინი. უცბად ერთმა ხევსურმა ცხენი ზედ ნაბადზე მომიგდო.


- რომელია ჩოლოყაშვილი? - დაიძახა მან. კაცებმა ჩემზე მიუთითეს, მან დამხედა და წამოიძახა.

- რა დროს წოლაა, ვაჟაუ, არ გაგიგია, ხევსურეთს მტერი მოადგა?!

მე შევხედე, ჩემ წინ სულ ახალგაზრდა, უწვერულვაშო ხევსური იდგა, მხარზე პატრონაში ჰქონდა გადაგდებული, ხელში თოფი ეჭირა და უბელო ცხენზე იჯდა. მე ისევ თვალის დახუჭვა მინდოდა იმ იმედით, რომ პასუხს ჩემები გასცემდნენ, რომ მოსულს პატრონაშის ქვეშ ქალის მკერდი დავუნახე. 
ასეთი უჩვეულო გარეგნობის სტუმრის მოსვლამ გამომარკვია და წამოვიწიე. ვიდრე მისი უცნაური მოსვლის მიზეზს ვიკითხავდი, მინდოდა ამეხსნა მიზეზი ჩემი წოლისა, რადგანაც მოსული ქალი იყო და მის სიტყვებზედ, ცოტა არ იყოს, თავი უხერხულად ვიგრძენი.

- ავად ვარ, - წავილაპარაკე.
- განა სიკვდილი ავადმყოფს არ შეუძლიან? - ორ წყალში ომია! - მიპასუხა მან.
- ვინ ხარ დისავ?- ვკითხე, როცა დავატყვე, რომ ჩემი სტუმარი ჩვეულებრივ ქალს არ ჰგავდა.
- მზექალას მეძახიან, არაბულის ქალი ვარ! ნატაი, თუ შენ ჩოლოყაშვილი ხარ?
- გახლავარ - რას მიბრძანებ?
- ბრძანება შენი იყო, მე ორ წყალზე მინდა გაგაცილო, ხევსურნი გელოდებიან, ომია, - სთქვა და თვალებში ჩამაშტერდა.


მივხვდი, რომ ჩემი წაუსვლელობა არ იქნებოდა. ასე ფიქრობდნენ ალბათ ჩემი ამხანაგებიც. შევსხედით, წავედით. წინ მზექალა მიგვიძღოდა. მე თავბრუ მეხვეოდა, უნაგირზე ძლივს ვიჯექი, მზექალას უბილიკო აღმართებით მივყავდი. ძირს ტყვია ზუზუნებდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა.
მაშინ დავინახე, იქნებოდა 18 წლისა, სახე ჰქონდა კუშტი და ეშხიანი, მხრებზე შავი თმა ეყარა. ჩვენების საფარს რომ მივუახლოვდით, მზექალა უცებ დაგვცილდა. დაიძახა ჩემი სახელი მთელი ხეობის გასაგონად და მტრისკენ თოფი დაცალა. ბრძოლამ რამდენიმე დღეს გასტანა. რუსები გვიტევდნენ, ხევსურები უკან ერეკებოდნენ და თითქოს სჯობდნენ კიდეც, მაგრამ მათი არტილერია ჩვენს სოფლებს ზურგზე ბოლს ადენდა. ამ ხნის განმავლობაში მზექალამ რამდენჯერმე ჩამიქროლა მხრებზე თოფით ხელში, უბელო ცხენზე, მაგრამ ერთხელაც არ შეჩერებულა ჩემთან. უსაქმოდ ერთხელაც არ ყოფილა. ხან ჩვენი სანგრების წინა რიგში იჯდა და მამაკაცებთან ერთად ისროდა, ხან კარგა ხნით სადღაც გაქრებოდა და მოჰყავდა ხალხი, ვინც რაიმე მიზეზით აქამდის ჩვენთან ვერ მოსულიყო.


ამ ხნის განმავლობაში ის იყო სროლაშიც და შემოირბინა თითქმის მთელი ხევსურეთი. რუსებს უნდოდათ ჩვენი ხევსურეთში შერეკვა იქ ჩაკეტვა და ტყვედ წაყვანა. გეგმა სწორი იყო, რადგან თუ ხევსურეთში მიგვამწყვევდნენ, გამოსვლა ძნელი იქნებოდა. ისინი კიდევ ერთხელ გადმოვიდნენ იერიშზე და ხევსურებს უკან დაახევინეს. მე პატარა ხანში შემოვუარე მათ. რუსები ხევსურებსა და ჩემ შორის მოექცნენ. 
ამ დღიდან აღარც მზექალა მინახევს. გაიარა ხანმა, ბევრი ადგილი გამოვიცვალე. იძულებული შევიქენ, დროებით საქართველო დამეტოვებინა. ჩეჩნეთში მიმავალიგზა ისევ ხევსურეთზე მედო. რუსები წასულიყვნენ, დაეწვათ სოფლები და დაეხვრიტათ ხალხი. დახვრეტილთა შორის ხუთი ქალი ერია.

უნდა გვეფიქრა, რომ ამ ხუთ ქალში მზექალაც იქნებოდა, მაგრამ მზექალას ამბავი სულ სხვანაირად მიამბეს. 
უკან დახევის დროს ხევსურები მთაში წავიდნენ და პირველი სოფელი, რომელშიაც რუსები შევიდნენ, მზექალასი იყო. ქალები, ბავშვები და მოხუცებულნი აჯანყებულთ გაჰყვნენ. ცარიელ სოფელს რუსებმა ზარბაზანი დაუშინეს. სროლა რომ შეწყდა, სოფელს რუსის სალდათები მოედვნენ და დაიწყეს ძარცვა. ჯარისკაცთა ერთი ჯგუფი მზექალას სახლისკენ გაემართა. სახლიდან ორი ტყვია გამოვარდა და ორი ჯარისკაცი მოკლა. რუსებმა სროლითვე უპასუხეს. რუსები სახლში შეცვივდნენ, მიწაზე ახალგაზრდა ქალის უსულო გვამი ნახეს. მოკლული მზექალა იყო! როცა სოფელი ხალხისგან დაიცალა, ის მაინც თავის სახლში დარჩენილიყო და ფიცი დაედვა, თავის კარზე რუსი არ გაეტარებინა. 


მზექალამ სიტყვა შეასრულა და რუსები მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ შევიდნენ მის სახლში. 
ტყვია მკერდში მოხვედროდა... თოფი ხელში ჩარჩენოდა... თავზე უბელო ცხენი ედგა"...

...
/თანამედროვე დროში ამის შესახებ ცნობილი ქართველი მწერალი და პუბლიცისტი გურამ შარაძე წერდა. /


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge