Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:25 15.10.2019
"ერთ-ერთი მექანიზმი იქნება კონტროლი, რომ ტაქსები იყოს მოწესრიგებული, უსაფრთხო და გამართული" - კახა კალაძე

1 ნოემბრიდან, A კატეგორიის ტაქსის მძღოლები სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერს მიიღებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

კალაძის თქმით, მძღოლებს ვაუჩერის მიღება ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეეძლებათ. ამასთან, ის მძღოლები, რომლებიც ვაუჩერით ისარგებლებენ, საჩუქრად, კომპანია „ვიანორის“ 20%-იან ფასდაკლების ბარათს მიიღებენ.

 

დედაქალაქის მერის განცხადებით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეტყობინების სახით მიუვათ ყველა სერვისცენტრის მისამართი, სადაც ისინი შეძლებენ აღნიშნული ვაუჩერის მიღებას.

 

„პირველი დღეების განმავლობაში 2000-მდე A კატეგორიის ლიცენზიანტი ტაქსის მძღოლი გადაადგილდებოდა დედაქალაქში. დღეის მდგომარეობით, 9000-მდე A კატეგორიის ტაქსი მოძრაობს ქალაქში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ციფრები ყოველდღიურად იცვლება. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ამ რეფორმის ყველა ეტაპი და ეს ეტაპები უკავშირდება როგორც უსაფრთხოებას, ასევე მომსახურების ხარისხს, ტაქსის ბაზარზე სტაბილური ეკონომიკური პირობების შექმნას და ვიზუალური სტანდარტის გაუმჯობესებას.


ჩვენი მთავარი ამოცანაა, იყოს სისუფთავე, მოწესრიგებული ტაქსი. ერთ-ერთი მექანიზმი, რომლის შექმნასაც ჩვენ ვაპირებთ, იქნება კონტროლი. კონტროლი იმისა, რომ ტაქსები იყოს მოწესრიგებული და ადამიანმა, რომელიც სარგებლობს ამ სერვისით, თავი იგრძნოს კომფორტულად და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ავტომობილი იყოს უსაფრთხო და გამართული“, - განაცხადა კალაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge