Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:41 17.10.2019
თურქეთში მცხოვრები ჩვენებურები საქართველოში კონცერტს გამართავენ

 

19 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით, პროექტის - „ქართულ-აფხაზური სამუსიკო დიალოგი“ ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ანსამბლ ,,შავნაბადას“ მოწვევით, თბილისში, თურქეთში მცხოვრები ქართველების, აფხაზების, ოსებისა და კავკასიის სხვა ერების წარმომადგენელთა ერთობლივი კონცერტი გაიმართება.


სტამბოლში მცხოვრები ემიგრანტის, პროზაიკოსისა და პოეტის, კაფე ,,გალაკტიონის“ დამფუძნებლის ირაკლი კაკაბაძის თაოსნობით, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში რამდენჯერმე მოეწყო ქართულ-აფხაზური მუსიკის მასტერკლასები, რომელსაც ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი დათო ცინცაძე უძღვებოდა. ამავე ვიზიტის ფარგლებში, სტამბოლში ერთ-ერთ პროტესტანტულ ტაძარში ქართულ-აფხაზური მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელსაც აფხაზები, ქართველები და ადგილობრივი მცხოვრებლები ესწრებოდნენ.


ქართული მუსიკისადმი დიდი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვის მიზნით, ამჯერად უკვე ჩვენებურები, რომელსაც ანსამბლი ,,კავკასიელი არწივები“ წარმოადგენს (ხელმძღვანელი ზურაბ ტარიელაძე), საქართველოს ეწვევა. ჩვენებურების ვიზიტი, 19 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრამდე გასტანს. ამ დღეების განმავლობაში სტუმრები სხვადასხვა საინტერესო აქტივობის მონაწილენი გახდებიან. 21 ოქტომბერს, დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გაიმართება ანსამბლ ,,შავნაბადასა“ და ,,კავკასიელი არწივების“ ერთობლივი კონცერტი. 22 ოქტომბერს, „ქართულ-აფხაზური დიალოგის ფარგლებში“, აფხაზეთის მთავრობის მიწვევით, სტუმრებთან შემაჯამებელი შეხვედრა რესტორან ,,აფხაზეთში“ შედგება.


აღსანიშნავია, რომ სტუმრებს შორის არიან ადამიანები, რომელთაც საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა სურთ. ამასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge