Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:00 19.10.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო, გურამიშვილის გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გურამიშვილის გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:


"თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად მსხვერპლი არ არის. დაშავებულია ოთხი მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. 



პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც კორპუსის მეოთხე სართულზე ნგრევა მოჰყვა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.



ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს. 



სამუშაოების დასრულებამდე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ასევე, გურამიშვილის ქუჩაზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.



შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი."- ნათქვამია განცხადებაში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge