Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:32 21.10.2019
სახელმწიფო ვაზაგაშვილებს კომპენსაციას 18 იანვრამდე გადაუხდის

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ე. წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და მოსარჩელე მხარისათვის კომპენსაციის გადახდას აგვიანებდეს, სიმართლე არ არის და საზოგადოების მოტყუების მცდელობაა. კერძოდ, ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდა უნდა მოხდეს სამი თვის ვადაში მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილების გასაჩივრების სამთვიანი ვადა ამოიწურება. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2019 წლის 18 ივლისს, 18 ოქტომბერს კი ამოიწურა მისი გასაჩივრების ვადა. შესაბამისად, სახელმწიფომ მოსარჩელე მხარეს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაცია უნდა გადაუხადოს 18 ოქტომბრიდან სამი თვის ვადაში − ე. ი. 2020 წლის 18 იანვრამდე.

 

“ვინაიდან გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში − 2019 წლის 18 ოქტომბრამდე − არცერთ მხარეს  არ გაუსაჩივრებია, გადაწყვეტილება 3 დღის წინ შევიდა ძალაში და დაიწყო ზემოხსენებული სამთვიანი ვადის ათვლა. იუსტიციის სამინისტროსა და მოსარჩელე მხარის ადვოკატს შორის უკვე შედგა კომუნიკაცია. მან აღსრულებისთვის საჭირო საბანკო მონაცემები და დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს. შესაბამისად, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, კომპენსაციის თანხა სახელმწიფოს 18 ოქტომბრამდე უნდა გადაეხადა და  მან ეს ვალდებულება არ შეასრულა, არის ყალბი”, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

 

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. 2006 წლის მაისში კორტების მიმდებარედ სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს. 2015 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კორტების მიმდებარედ ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოაცხადა და განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით რამდენიმე მოქმედი და ყოფილი სამართალდამცველი დააკავა. 

 

საქალაქო სასამართლომ გიორგი ცააძესა და ირაკლი ფირცხალავას განზრახ მკვლელობისთვის 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; თბილისის სპეცრაზმის ყოფილ უფროსს, კახა ნაკანს  6 წლით თავისუფლების აღკვეთა; ლევან ბეროძეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, გრიგოლ კვინიკაძეს ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge