Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

21:35 01.11.2019
„ჩემი ამოცანა და მისია ივანიშვილის ამ ქვეყნიდან წასვლა ან ციხეში მოხვედრაა“

ჩემი ამოცანა და მისია ივანიშვილის ამ ქვეყნიდან წასვლა ან ციხეში მოხვედრაა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გენერალური პროკურატურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გვარამიამ ახალი ბრალის წარდგენის შემდეგ აღნიშნა, პროკურატურის ეს ბრალდება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. „რასაც ვწინასწარმეტყველებდით, არ არის რთული გამოსაცნობი. მანქანა მე არ მიყიდია, იყიდა ჩემმა მეუღლემ, რომელიც საერთოდ დაკითხული არ არის. საერთოდ პროკურატურას ჩვევაში აქვს, მე არ დამკითხოს და ბრალი ისე წამიყენოს. ამჯერადაც არ ჩათვალეს საჭიროდ. საქმე იმაშია, რომ ეს მანქანა ნაყიდი მაქვს. მე ერთადერთი კითხვა მაქვს პროკურატურასთან - პრემიის სახით რომ ამეღო ან მანქანა ან თანხა და მერე ეს მანქანა მეყიდა, რას შვრებოდნენ, სად მიდიოდნენ? ანუ დანაშაულის შემადგენლობა ხომ არ დგებოდა? - ამაზე პასუხი არ არის“, - განაცხადა გვარამიამ.

 

კითხვაზე პროკურატურის ვერსიაში დანაშაულად რა ითვლება, გვარამია ამბობს, რომ ამაზე წარმოდგენა არ აქვს. „ჯერ არ მქონდა ნაყიდი, მქონდა განვადებით, ვერ გადავიხადე, დავაბრუნე უკან, ვიხდი ჯარიმას. ეს არის მთელი ისტორია. ჩემი კონტრაქტორი კომპანიებისგან მე არაფერი არ მიყიდია, თუმცა ამის უფლება მქონდა და მიყიდია არაერთგზის. მაგრამ ეს მანქანა, რაც მთავარია, ვიყიდე მე, ჩემი გადაწყვეტილება იყო. არ დაგიმალავთ, ბრალი რომ წაეყენებინათ იმაზე, რომ „ტოიოტას ცენტრს“ ეს მანქანა ძალით ჩავადებინე სარეკლამო ბიუჯეტში, რომ მერე მეყიდა და „რუსთავი 2“-საც შემოსავალი ჰქონოდა და მეც მანქანა, ეს უფრო რელევანტური იქნებოდა. მაგრამ აღმოჩნდა რომ ბრალი არის სხვა“, - განაცხადა გვარამიამ.

 

მისივე შეფასებით, სამწუხაროდ, საქართველოს პროკურატურა არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია. „ვწუხვარ, მაგრამ აი, ამ ახალგაზრდა ბიჭებსაც, ვინც ბრალს მიყენებს და იცის რომ ამას უკანონოდ აკეთებს, ვხედავ ციხეში“, - განაცხადა გვარამიამ. ამასთან, გვარამიამ დასძინა, რომ თუ მას დააკავებენ ეს იქნება მისი დროებით განეიტრალება. „თუ დამაკავებენ, იქნება ეს ჩემი განეიტრალება დროებით, მაგრამ ივანიშვილის განეიტრალება ბევრად უფრო ახლოს მოიწევს. მე პირადად ეს მაწყობს. ჩემი ამოცანა და მისია არის ივანიშვილის ამ ქვეყნიდან წასვლა ან ციხეში მოხვედრა. დიდი აზრი ამას არ აქვს უბრალოდ ქვეყნისთვის როგორც ჯობია, ისე მოვიქცევი ყოველთვის არა მხოლოდ ივანიშვილის შემთხვევაში. კი ბატონო, ისე მოიქცეს როგორც უნდა. მთავარი ის არის, ვინ გაიმარჯვებს ბოლოს და ეს მე ვარ, რა თქმა უნდა!”- განაცხადა გვარამიამ.

 

მისივე თქმით, ახალი ბრალი ქმნის იმის საფუძველს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გაკოტრების ლეგიტიმური საფუძველი შეიქმნას. „ეს საფუძველი მალე იქნება და „რუსთვი 2“-ს დახურავენ. მე არ ვიდარდებ ბევრს თუ ამ კომპანიას დახურავენ, რადგან ვიცი, რომ მოვა დრო, მას მფლობელი დაიბრუნებს და იმუშავებენ ის ადამიანები, ვინც ნამდვილად იმსახურებს და არა ისინი, ვინც დღეს მუშაობს. თუმცა მე ამაზე აღარ ვიფიქრებ, იფიქრონ იმათ, ვინც ყველაფერი გაყიდეს „რუსთავი 2“-ის ჩათვლით სინდისის ჩათვლით“, - განაცხადა გვარამიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge