Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:36 01.11.2019
მაღაზიაში "პროსპეროს წიგნები", ნიკოლოზ რურუას "ჯაზოკრატიის" დისკის პრეზენტაცია გაიმართა

31 ოქტომბერს, "კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის" ორგანიზებით, მაღაზიაში "პროსპეროს წიგნები", ნიკოლოზ რურუას გადაცემათა ციკლის "ჯაზოკრატიის" დისკის პრეზენტაცია გაიმართა.

 

"ჯაზოკრატია" ნიკა რურუას საავტორო გადაცემაა, რომელიც კლასიკური მუსიკის რადიო "მუზას" ეთერში ერთი წლის განმავლობაში - რადიოს მაუწყებლობის გათიშვამდე გადიოდა.

 

გადაცემაში ავტორი მსმენელს ჯაზის ისტორიას, მიმდინარეობებსა და მის კორიფეებს აცნობდა. ასევე სთავაზობდა ჩანაწერებს საკუთარი ოქროს კოლექციიდან.

 

დისკი, პრეზენტაციაზე, რადიო "მუზას" დამფუძნებელმა - სანდრა ელისაბედ რულოვსმა წარადგინა. ასევე, დასახელდა კონსერვატორიის 4 სტუდენტი, რომლებიც ნიკა რურუას სახელობის სტიპენდიას მიიღებენ ერთი წლის განმავლობაში: სალომე მოდებაძე (მე-4 კურსი, ფორტეპიანო), გიორგი პაპიაშვილი (მე-2 კურსი, კომპოზიცია), ლუკა დრებუაძე (მე-2 კურსი, ჯაზი, ფორტეპიანო) და ხატია ქორიძე (მე-2 კურსი, ბას-გიტარა).

 

 

"ჯაზოკრატიის" დისკის შესახებ "ჯორჯიან თაიმსს" გადაცემის პროდიუსერი ნესტან მერმანიშვილი ესაუბრა:

 

"გვინდოდა, რომ გადაცემები, რომლებიც ნიკას მიჰყვადა რადიო მუზას ეთერში, დისკის სახით გამოცემულიყო და ყველას ჰქონოდა მათი მოსმენის საშუალება. ყველა გადაცემისთვის სასაუბრო თემას თავად ამზადებდა  და ჩანაწერებსაც თავისი ოქროს კოლექციიდან გვთავაზობდა. გადაცემაზე მუშაობა ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებდა და შესაბამისად, მასთან გატარებული ყველა წუთი საინტერესო იყო.


სულ 21 გადაცემის ჩაწერა მოასწრო, მეტი ვეღარ...


"ჯაზოკრატიის" დისკის გამოშვება "კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის ხელმძღვანელისა" და რადიო "მუზას" დამფუძნებლის სანდრა ელისაბედ რულოვსის იდეა იყო, რა თქმა უნდა, ოჯახთან ერთად."

 

დისკზე წარმოდგენილია 21 გადაცემა, რომელსაც თან ახლავს მუსიკის კრიტიკოსის კახა თოლორდავას წინასიტყვაობა, მუსიკოსების - ბექა გოჩიაშვილისა და რეზო კიკნაძის, ასევე რადიო "მუზას" დამფუძნებლის სანდრა ელისაბედ რულოვსისა და გენერალური დირექტორის შორენა კოპალეიშვილის მოგონებები.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge