Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:09 11.11.2019
„ოთარ რამიშვილის ყველა სიმღერის საჯარო შესრულება იკრძალება - ამ გადაწყვეტილებამდე ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი!“

 

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი „ჰოთნიუსთან“ აცხადებს, რომ მისი მამის, ოთარ რამიშვილის ყველა სიმღერის გასაჯაროვება უნდა შეჩერდეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ მისი ბევრი მცდელობის მიუხედავად, წლების განმავლობაში ხელისუფლებამ ვერასდროს გამონახა ფინანსური რესურსი, რომ ოთარ რამიშვილის შემოქმედებითი საღამო გამართულიყო. მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მასთან ყველანაირი კომუნიკაცია მას შემდეგ გაწყვიტა, რაც მან კრიტიკული განცხადებების კეთება დაიწყო:

 

„ყველა მომღერალს, მსმენელს ვუხდი ბოდიშს და მადლობას, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამდე ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი. როცა სკვერს მიენიჭა ოთარის სახელი, ეს ყველაფერი ორგანიზებულად უნდა გაკეთებულიყო და არაფერი მაგდაგვარი არ მომხდარა. სახელი მიენიჭა, მაგრამ სადღესასწაულო ღონისძიების მსგავსი საღამო უნდა გაეკეთებინათ სკვერის გახსნის დროს, რადგან საკრებულოს დადგენილებაში ეს პირდაპირ წერია და არ გააკეთეს. მიხეილ გიორგაძე იყო მინისტრი, როცა ღონისძიება უნდა გაგვეკეთებინა, მარბენინეს და 2 კვირის შემდეგ უარი მითხრეს, ფინანსური გარღვევა გვაქვსო. მამაჩემის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით გვინდოდა, მისი შემოქმედებითი საღამოს გამართვა, სადაც ოთარის შემოქმედება, პოეზია იქნებოდა წარმოდგენილი, ყველაფერი მზად იყო, ზაალ ჩიქობავამ მოამზადა და მერიამ უარი მითხრა, ფინანსური გარღვევა გვაქვსო. მამაჩემი რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე ყოფილიყო, უფრო მეტი დაფასება ექნებოდა. მას არასდროს არავისგან არაფერი უთხოვია. მივედი დასკვნამდე, რომ აქ კულტურას, ხელოვნებას შემოქმედებას და ხელოვან ადამიანებს დაფასება არ აქვთ. სუფრაზე რაც უნდათ, უმღერიათ, მაგრამ ასეთი უპატივცემულობა არ შეიძლება. ამ ყველაფერს ვუკავშირებ ჩემს პროფესიულ საქმიანობას და იმას, რომ ოპოზიციურ განცხადებებს ვაკეთებ. ზუსტად იმ პერიოდის შემდეგ, როცა მათი საწინააღმდეგო პოზიცია დავაფიქსირე, გაწყვიტეს ჩემთან ყველანაირი კომუნიკაცია. ყველაფერში განდეგილივით ვარ ჩემი საქმიანობის გამო. არ მინდა არავის ვარსკვლავი, მამაჩემსაც არ უყვარდა ვარსკვლავები, მაგრამ თაობები გაიზარდა მამაჩემის სიმღერებზე. კგბ-სთან დაპირისპირებული იყო მამაჩემი და ხალხის მოთხოვნებს ასაჯაროვებდა თავისი სიმღერებით და ეს ბოდიში და ფეხზე დაიკიდეს. ხელისუფლების მხრიდან შერჩევითი დაფასება ხდება ხელოვანების. ოთარ რამიშვილი თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, მწერალთა კავშირის წვრი იყო და ამ ყველაფრის შემდეგ ერთი შემოქმედებითი საღმოსთვის ფინანსები ვერასდროს გამონახეს.“- აცხადებს მიხეილ რამიშვილი  და განმარტავს, რომ ოთარ რამიშვილის შემოქმედებითი საღამოს გამართვას მნიშვნელოვანი დატვირთვა უნდა ჰქონოდა: „საქართველოში თაობებს შორის იყო ჯანსაღი ურთიერთობები, კომუნიკაცია და ეს ყველაფერი დაიმარხა, განადგურდა, რა შარმიც ჰქონდა ქალაქს. იმას უნდა მომსახურებოდა შემოქმედებითი საღამო, რომ ოთარის ცხოვრება და შემოქმედება, როგორც ბარდის და სახალხო მთქმელის, დაბრუნებოდა ქალაქს. უნდა გაეგოთ თაობებს, როგორ უნდა იცხოვრონ ქალაქში თაობებმა უფროს-უმცროსთა ჯანსაღი დამოკიდებულებით. იმიტომ მინდოდა ოთარის შემოქმედებითი საღამოს გამართვა, რომ ყველას გაეგო, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ქალაქში და თაობებს გაეცნოთ ოთარ რამიშვილის ცხოვრება.“- აცხადებს რამიშვილი „ჰოთნიუსთან“ და დასძენს, რომ ამ საკითხზე საზოგადოებას უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.   

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge