Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:36 16.11.2019
“ივანიშვილმა გადალახა ღირსების ხაზიც, შეპყრობილია სისტემური შიშით და ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს”

"დღეს ჩვენ აბსოლუტურად აფექტის მდგომარეობაში ვართ. მე პირადად გამოსავლის გზას ვერ ვხედავ, ან როგორ შეიძლება დაინახო..., როგორ შეიძლება რაღაც მოლაპარაკებებზე თუ კონსენსუსზე ისაუბრო, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მიცემულ სიტყვას ფასი დაუკარგა. რა აზრი აქვს მოლაპარაკებას, როდესაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაგაგდოს - მოგელაპარაკოს, საჯაროდ განაცხადოს და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, მაგალითას, უკვე გაეროს ტრიბუნიდანაც კი ილაპარაკეს ამაზე და ამის შემდეგ “გადაგაგდოს”. მოლაპარაკების სივრცე აღარ დატოვა და სრულ ჩიხში შეიყვანა ყველაფერი. დღეს აბსოლუტურ ჩიხში ვართ - ასეთ რეალობაში გადაგვისროლა ამ პარანოიდული შიშით, რაც მას აქვს ძალაუფლების დაკარგვასთან დაკავშირებით”, - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ხუხაშვილი: “ივანიშვილმა ყველა წითელი ხაზი გადალახა, მათ შორის, კაცური ღირსებისაც”.

 

“მარტო ჩვენ კი არ მოგვატყუეს, მთელი სამყარო მოატყუეს - ყველას ამაზე ელაპარაკებოდნენ, ამას ვაკეთებთო, თვითონ გაზარდეს ეს მასშტაბი და არ გააკეთეს. ასეთი პრეცედენტი ისტორიაში არც მახსოვს, რომ პოლიტიკურ ძალას ინიციატივა თავითონ წამოეყენებინოს, შემდგომ ამაზე მომხდარიყოს კონსენსუსი და საბოლოოდ თვითონვე “გადაეგდოს” ყველა. ეს უკვე ყველანაირ პოლიტიკურ ლოგიკას სცდება. არა მხოლოდ პოლიტიკურ ლოგიკას, არამედ ეთიკას და აბსოლუტურად ყველაფერი დარღვეულია. აბსოლუტურად არაადეკვატური იყო ბიძინა ივანიშვილის წერილი, სადაც გვეუბნება არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებო. მისმა სიტყვამ დაკარგა ფასი, განულდა მისი სიტყვა, როდესაც ყველა გადააგდო და კიდევ ამბობს რაღაცას გავაკეთებო... არ ვიცი, თვითონ რა ესმის და რა არა. როგორც ჩანს ის არის სისტემური შიშით შეპყრობილი და განცდა მრჩება, რომ ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 

“ეთიკური და ყველანაირი ხაზი გადახაზა და რაც მთავარია, კიდევ გვატყუებს , რომ თურმე ეს ყოფილა ბერაიას ბუნტი. “კნოპკების” ბუნტად გამოაცხადა. იმიტომ, რომ ეს დეპუტატები რეალურად ხომ არ არსებობენ ბუნებაში?! ესენი არიან ღილაკზე თითის დამჭერი ადამიანები და უცებ გაუსკდათ თურმე თავისუფლების ბუშტი. უნდა, რომ ეს “გვაჭამოს” - ასე გამოდის, რომ აბსოლუტურ იდიოტებად გვთვლის... სრულიად ადეკვატური იყო უმრავლესობიდან წასულთა რეაქცია. იქ ყველა ასეთი ხომ არ არის. მიუხედავად იმისა., რომ ხედავენ, ათასი რაღაც ხდება, მაინც მოთმინების ზღვარი აქვთ და ზღვარგადასულის ატანა უკვე შეუძლებელია. ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა ივანიშვილმა, არა მხოლოდ პოლიტიკური ეთიკის, არამედ ადამიანური, კაცური ღირსების, ყველაფერი გადალახა”, - დასძენს რესპონდენტი.

 

“რაც შეეხება ოპოზიციის მიერ წამოყენებულ სამპუნქტიან გეგმას, ჩვენ კონსტიტუციის ფარგლებში უნდა დავრჩეთ, ვერ გამოვალთ კონსტიტუციის მექანიზმიდან. მე ვერ დავინახე, რა მექანიზმი მიაჩნიათ თავისი გეგმის განსახორციელებლად... ოპოზიციის აღშფოთება აბსოლუტურად სწორია. ფაქტობრივად ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ პოლიტიკური ელიტის კონსოლიდაცია მომხდარიყო. მართალია, თავის წინააღმდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ მოახერხა. გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. მით უმეტეს, რომ კომპრომისზე საუბარს აზრიც არ აქვს - დილით რომ მოელაპარაკები ივანიშვილს, საღამოს გადაგაგდებს და ა.შ. ასე რომ, არანაირი აზრი არ აქვს მოლაპარაკებებს”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

 

“ივანიშვილი ჭადრაკის ფიგურებით თამაშობს, წკიპურტებით თამაშობს. შესაბამისად, მას აქვს ამოცანა, შეინარჩუნოს ძალაუფლება. დღეს ჩათვლის რომ ეს არის გასაკეთებელი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ხვალ - ის და მას არ აქვს რამე გეგმა - მას აქვს ამოცანა, რომ ნებისმიერი ხერხით და ნებიმიერ ფასად შენარჩუნოს ძალაუფლება”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “რუსული სცენარი უფრო და უფრო მკაფიოდ ხომ არ ჩანს?” - პასუხობს:

 

“ბუნებრივია, ასეთ კრიზისულ ვითარებაში რუსეთი მაქსიმალურად მოითბობს ხელს. მე არ წავიდოდი ასე შორს, რომ ივანიშვილი რუსეთის კარნახით მოქმედებს, იმიტომ რომ ამას უფრო შეთქმულების თეორიის სახელი ერქმევა. ბიძინა ივანიშვილს არ აქვს ფასეულობათა სისტემა. პრორუსი, პროდასავლელი და გარედან შეკვეთა - ასეთი რაღაცები არ აქვს. მას უნდა ძალაუფლება. თუ ძალაუფლებას დასჭირდება რუსეთი, იტყვის და იმოქმედებს ისე, რომ გაუმარჯოს რუსეთს, დასჭირდება სხვა რამე, მაშინ გაუმარჯოს იმ სხვა რამეს...”

ავტორ(ებ)ი : ახალი თაობა