Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:21 18.11.2019
“მაჟორიტართა აჯანყებამ” რუსულ წისქვილზე დაასხა წყალი”

“გადაჭარბებული მგონია შეფასება, რომ რაც მოხდა, რუსული პროექტია - ჩემი აზრით, ფიქრობენ, რომ ეს “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში დარჩენაში შეუწყობს ხელს, რაშიც ცდებიან. ისე დაეცა “ქართული ოცნების” რეიტინგი, რომ ამ პროცესებს უფრო საღად შევხედავდი. როგორი საარჩევნო სისტემითაც უნდა ჩატარდეს არჩევნები, მმართველ გუნდს ძალიან გაუჭირდება. მეტიც - დღეს რომ ჩატარდეს არჩევნები, ვფიქრობ, მწარედ დამარცხდებიან. ეს ცუდია, რადგან შეიძლება “ნაციონალური მოძრაობა” შემოგვიბრუნდეს, რასაც აუცილებლად მოჰყვება რევანშის ძლიერი ტალღა”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მაჟორიტართა აჯანყებამ” რუსულ წისქვილზე დაასხა წყალი” / “უკვე ვეღარ გამოვრიცხავთ, რომ ეს უმრავლესობა მთლად დაიშალოს და ახალი უმრავლესობა შეიქმნას. არ ვიცი, ესმით თუ არა “ქართულ ოცნებაში”, რომ სასწრაფოდ არის ზომები მისაღები”.

 

“ვფიქრობ, თავისი გადაწყვეტილებით საზოგადოების ღირსების შელახვის სახიფათო ზღვარს გადააბიჯეს. ხომ იჩემებენ ეს მაჟორიტარი დეპუტატები, რომ მათი წინააღმდეგობის შედეგია ყველაფერი. მაინტერესებს, არ უნდათ ამ საზოგადოებაში არსებობა, ქუჩაში გასვლა, ადამიანებთან შეხვედრა?! გაითვალისწინონ, რომ ქართველი საზოგადოება ძალიან ემოციურია და შეიძლება სადმე ტუჩ-კბილიც დაულეწონ... კრიტიკას ვერ უძლებს მთელი სადეპუტატო კორპუსი. ბევრია ისეთი, რომლის გვარ-სახელიც კი არ ვიცოდით და ახლა ამბოხებულებად მოგვევლინენ... ვიღაცას უნდა, რომ ამ გაუთავებელი რყევებით ქვეყანა საბოლოოდ გადაჩეხოს ქაოსისა და სამოქალაქო არეულობის უფსკრულში. ნამდვილად ჩანს საფრთხე, რომ ჩვენში ძალიან მძიმე პროცესები განვითარდეს, მაგრამ ახსოვდეს ყველას, რომ ასეთ ვითარებაში არც ჩვენი საზოგადოება და არც საერთაშორისო პარტნიორები გულხელდაკრეფილი არ ისხდებიან. ისინი ახლაც დაიწყებენ ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივის ძებნას ისევე, როგორც თავის დროზე დაიწყეს მიხეილ სააკაშვილის ალტერნატივის ძებნა და არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან კარგად დააფინანსონ ზოგი პარტია. როგორც ვიცი, ამგვარი კონსულტაციები აშშ-ის საელჩოში უკვე მიმდინარეობს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე

 

“სამწუხაროდ, თუ მოვლენების ჯაჭვს გადავავლებთ თვალს, პირდაპირ თუ არაპირდაპირ "მაჟორიტართა აჯანყებამ" ნამდვილად რუსულ წისქვილზე დაასხა წყალი. არა მგონია, რომ ეს წინასწარგანზრახვა იყო, მაგრამ საბოლოოდ ასე გამოვიდა... ეს უფრო უჭკუო თვითგადარჩენის პროექტია. ნატოს სამიტია უახლოეს მომავალში და ამ ყველაფრის შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ვინ იცის... სამწუხაროა, რომ ადამიანები ძალაუფლებისთვის ყველაფერს თმობენ. ამის მაგალითია უზენაესი სასამართლოს მუდმივი წევრების დანიშვნის პროცედურები. როგორც ამბობენ, ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, სულელი - თავისაზე, ჩვენში კი საერთოდ არაფერს სწავლობენ... ეს კრიზისი ქვეყანას ძალიან აზიანებს, ეკონომიკურ ვითარებასაც უფრო ამძიმებს. ამ ყველაფერს პრიმიტიული აზროვნების ნიშნებს ვატყობ. იმედი მაქვს, გააანალიზებენ ვითარებას და დათმობაზე დროულად წავლენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ “ქართული ოცნების” ფუყე სტრუქტურაში ძალიან ძლიერია არაფორმალური ლიდერების გავლენა და ახლა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს არ ვგულისხმობ. არ დავასახელებ გვარ-სახელებს, ისედაც იცის ყველამ, მაგრამ ამ ყველაფერში ასეთი ადამიანების როლს რომ არ განიხილავენ, ძალიან ცდებიან. არ ვიცი, გაექცა ბიძინა ივანიშვილს მართვის სადავეები, თუ ჩათვალა, რომ მათი მოსაზრებები სწორია და სხვას აღარავის უსმენს. ფაქტია, რომ მათი - ამ იატაკქვეშა ლიდერების ზეგავლენა ძალიან ძლიერია. ვფიქრობ, ამიტომაც არის ”ქართული ოცნების” პოლიტიკა ასეთი ეკლექტიკური. ჯერ თითქოს საღ აზრს მიჰყვებიან, მაგრამ უცებ მთავარი ხდება რეტროგრადების - კომუნისტური წარსულის მქონეთა შთამომავლების აზრი. აქამდე პარტიის შიგნით მიმდინარეობდა ბრძოლა ნოვატორულ და რეტროგრადულ იდეებს შორის. სამწუხაროდ, რეტროგრადებმა გაიმარჯვეს. ახლა, როცა ლამის ყველა მოაზროვნე ადამიანმა დატოვა უმრავლესობა, არ ვიცი, რა იქნება. უკვე ვეღარ გამოვრიცხავთ, რომ ეს უმრავლესობა მთლად დაიშალოს და ახალი უმრავლესობა შეიქმნას”, - მიიჩნევს ექპერტი.

 

“არ ვიცი, ესმით თუ არა `ქართულ ოცნებაში", რომ სასწრაფოდ არის ზომები მისაღები. გავრილოვის სკანდალის შემდეგ, ბოლოს მაინც გადადგა ირაკლი კობახიძე, მაგრამ 24 საათით ადრე რომ გადამდგარიყო, არც აქციის დარბევა იქნებოდა და არც ეს ყველაფერი. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ ქმედებას დროის შესაფერის მონაკვეთში. რაც მეტად გააჭიანურებენ ამ პროცესს, მათთვის უარესი იქნება... ოპოზიციის მოთხოვნები, ალბათ, უფრო იმაზეა გათვლილი, რომ ნაწილი მაინც დაკმაყოფილდეს. მთავრობის გადადგომა წარმოუდგენელი მგონია. ჩემთვის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული მთავრობა ყველაზე მისაღებია. ასეთ შემთხვევაში კბილის ტექნიკოსი მაინც აღარ გვეყოლება ჯანდაცვის მინისტრად, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა აკეთოს... თუმცა ახლა ამას “ქართული ოცნება” ნამდვილად არ დასთანხმდება. ვადამდელი არჩევნების აზრსაც ვერ ვხედავ - რა დიდი მნიშვნელობა აქვს, არჩევნები გაზაფხულზე ჩატარდება თუ შემოდგომაზე?! მიმაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია, მთელი ძალისხმევა მიმართული იყოს იქით, რომ შეთანხმდნენ მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე, ან გაიზიაროს ხელისუფლებამ ე.წ. გერმანული მოდელის იდეა”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.

 

“ჩვენში ხშირად ჰგონიათ, რომ კორპორაციისა და სახელმწიფოს მართვა ერთი და იგივეა, რაც ასე არ არის. ქმედებები უნდა იყოს არა მხოლოდ რაციონალური, არამედ სოციალურად მნიშვნელოვანი. ზოგჯერ შეიძლება ეს რაციონალური სულაც არ იყოს. თუნდაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ნაბიჯი ვახსენოთ, რომელიც კვლავაც ცხინვალის იზოლატორშია. მას რომ რაციონალურად ეფიქრა, აღიარებდა ე.წ. საზღვრის გადაკვეთას, გადაიხდიდა 40 დოლარს და წავიდოდა სახლში, მაგრამ ის მოიქცა სოციალური პასუხისმგებლობით და ჩაიდინა გმირობა. შეიძლება ამის გასაკეთებლად ვაჟკაცობა სხვასაც ჰყოფნოდა, მაგრამ ეს იდეა თავში არ მოუვიდა... მან გააკეთა არაჩვეულებრივი რამ! საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს საერთაშორისო სამართლით დამტკიცებულ საქართველოს საზღვრებს. ყველა მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქე გადაადგილდებოდა თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე. მან თავისი ნაბიჯით აჩვენა არა მხოლოდ რუსეთის ოკუპაციის სიმახინჯე, არამედ საქართველოს რიგითი მოქალაქის მორალური პასუხსიმგებლობა და უპირატესობა... ვაჟა გაფრინდაშვილმა - ერთმა ადამიანმა - მსოფლიოს აჩვენა ოკუპანტსა და მის მარიონეტებზე საქართველოს მორალური უპირატესობა. ეს გმირული საქციელია! დიახ, ქვეყნის მართვასაც სჭირდება სოციალური მნიშვნელობის ნაბიჯები...”, - თვლის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ხელისუფლება რეალურად აღიქვამს შექმნილ ვითარებას, როდესაც კვლავაც ყველაფერს "ნაციონალურ მოძრაობას" აბრალებს?” - პასუხობს:

 

“ცდილობენ, შავი თეთრად წარმოაჩინონ და პირიქით, რაც არ გამოვა - იდიოტები არ ვართ. ახლა, როცა აბსოლუტურად გაუგებრად, აუხსნელად, საკუთარი ნებით შეიყვანეს საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, რაც არავის უნდა ეპატიებოდეს, ამის “ნაციონალური მოძრაობისთვის” გადაბრალება ძალიან მიამიტურად ჟღერს. მერკანტილური მიზნების მისაღწევად სწირავენ სამშობლოს. ყველა ხელისუფლების დასასრული იწყებოდა მაშინ, როდესაც კარგავდნენ რეალობის შეგრძნებას. რატომღაც ძალაუფლებისკენ ლტოლვა ლამის პირად უსაფრთხოებას ურჩევნიათ. რად უღირს ამ მილიარდერ ადამიანს ამდენი ლანძღვა-გინება?! ბევრი რამ გააკეთა, ქველმოქმედება გასწია, მაგრამ ეს დავიწყებას მიეცემა, თუ ასე გააგრძელა... შევარდნაძემაც ბევრი რამ გააკეთა, მიშამაც, მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება, როდესაც რჩება აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, დაუოკებელი ლტოლვა ძალაუფლებისკენ. “რაც შეეხება ოპოზიციის მიერ სამოქმედო გეგმად პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო შენობების პიკეტირება და ბლოკირების გამოცხადებს, სამწუხაროდ, ოპოზიცია ვერ ახერხებს ბრძოლის ახალი მეთოდების მოფიქრებას. ისევ კარგად დავიწყებულ ძველ და წარუმატებელ ხერხებს იყენებენ. ეს იქნება, ალბათ, არეულობის მიზეზი, პატარ-პატარა დაპირისპირებების საფუძველი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ეს რა შედეგს მოიტანს, მაგრამ ვიცი ერთი რამ - როცა მოდის ცვლილებების დრო, ეს ცვლილებები ხორციელდება! არა აქვს მნიშვნელობა, როგორი სისტემა იქნება - მაჟორიტარული, პროპორციული თუ ა.შ. ასე შეიცვალა 2012 წელს ხელისუფლება, ასე შეიცვლება 2020 წელსაც... ზედმეტი ბარიერების შექმნა უარეს დღეში ჩააგდებს “ქართულ ოცნებას” - ის შეიძლება “მოქალაქეთა კავშირივით” მოისპოს”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge