Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:32 19.11.2019
"ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება, მიუხედავად იმისა, თუ რა განცხადებები ვრცელდება"

"ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება, მიუხედავად იმისა, თუ რა განცხადებები ვრცელდება, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული.

 

როგორც უწყებაში განმარტავენ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები იმყოფებიან, რომელთა ვიზიტის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაა.

 

„სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ყველა შესაბამისი სტრუქტურა აგრძელებს მუშაობას ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად. ეს უპირველესი ამოცანაა და ამის მისაღწევად ყველაფერი კეთდება, მიუხედავად იმისა, თუ რა განცხადებები ვრცელდება. დღეს ცხინვალში ასევე იმყოფებიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები. ვიზიტის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი საკითხი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაა“, - აღნიშნულია საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.

 

ცნობისთვის, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს წერს, რომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანს.

 

შეგახსენებთ, რომ ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge