Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

21:39 29.11.2019
თბილისის საქალაქო სასამართლომ “ლეიბორისტური პარტიის” წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ლეიბორისტური პარტიის” წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ჩხარტიშვილის ადვოკატის, ია სირანაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს. სირანაშვილის თქმით, ბრალდებულს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და პირიქით - მის მიმართ სამართალდამცველებმა ძალადობრივი მეთოდი გამოიყენეს. “რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით გადაწყვეტილებას. ვითომდა, ლაშამ წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამაცავ ორგანოებს, მაგრამ ლაშას არ გაუწევია წინააღმდეგობა, პირიქით - სამართალდამცველების მიერ იყო ლაშას მიმართ ძალადობა, კერძოდ ის, რომ დაწოლილ მდგომარეობაში კაცს დაათრევდნენ ქამრით წინ და უკან. 8 დღე მიუსაჯეს. ჯარიმასაც გავასაჩივრებთ და ამ გადაწყვეტილებასაც”,- განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, თავად ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა, რადგან წინა სხდომაზე მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა და ჯარიმის სახით 300 ლარი დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ჩხარტიშვილი დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge