Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

12:52 04.12.2019
"ოცნება", როგორც ძალაუფლება - "რბილი" სცენარია, ხოლო ნაცები - როგორც უკვე მომწიფებული "კონტრ-ძალაუფლება" - "ხისტი" სცენარი"

დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"საბოლოო ჯამში, წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისის, რომლის მძაფრი გამოხატულებაცაა დღევანდელი ჩვენი პარტიულ-პოლიტიკური სისტემის დესტრუქციული ჭინთვა-კრუნჩხვა, დაძლევის ერთადერთი გზაა - მეტი მონაწილეობა, მეტი ჩართულობა, მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების დეკონცენტრაცია-დეცენტრალიზაცია და უშუალო, პირდაპირი დემოკრატიის ფორმების განვითარება;

წარმომადგენლობითი დემოკრატიის გადარჩენა ახლა, პოსტ-ინდუსტრიულ ეპოქაში, მხოლოდ მონაწილეობით დემოკრატიას შეუძლია, ხოლო ალტერნატივა არის ძალაუფლების კონცენტრაცია, მმართველობის ზე-ცენტრალიზაცია და საბოლოო ჯამში - მაღალტექნოლოგიურად უზრუნველყოფილი დიქტატურა; (ჩვეულებრივი, ინდუსტრიული ეპოქისთვის ტიპიური დიქტატურული სისტემები დიდხანს ვერ გაძლებენ);

პოლიტიკური კრიზისები, რაც ჩვენში, როგორც წესი, პარტიულ-პოლიტიკური სისტემის უცვლელად დესტრუქციულ შინაარსს უკავშირდება, მანკიერი წრის სახით, სხვადასხვა ვარიაციებით, მაგრამ პრინციპულად ერთი და იგივე სცენარით მეორდება;

ამას წინათ აღვნიშნე კიდეც - ჩვენი ე.წ. პარტიები (ასევე მათთან ჭიპით გადბმული არასამთავრობოებიც) სწორედ რომ "შემოდგომის აზნაურების" კარიკატურულ პერსონაჟებს წარმოადგეგენენ; მათი სოციალურ-პოლიტიკური როლი და ფუნქციები, რაც ინდუსტრიალიზმისთვის იყო დამახასიათებელი, დღეს ეპოქალურად უკვე განწირულია და ისინი, რაც დრო გავა, ხრწნისა და დესტრუქციულობის გარდა, თუკი არ ადაპტირდნენ ახალ, პოსტ-ინდუსტრიულ, ტექნოლოგიურ ეპოქასთან, ვერც ვერაფერს შექმნიან და დინოზავრებივით გადაშენდებიან;

როცა პარტიულ-პოლიტიკური სისტემის უვარგისობის გამო შეუძლებელი ხდება ძალაუფლების გადანაწილება ე.წ. პარტიებს, რომლებიც სინამდვილეში ტიპიურ და ხრწნად კლიენტელებს წარმოადგენენ, შორის, ხდება გამარჯვებული კლიენტელების ხელში ძალაუფლების შეუქცევადი კონცენტრაცია; როგორც წესი, ეს კონცენტრაცია კრიტიკულ ნიშნულს აღწევს ხოლმე ორი საარჩევნო ციკლის თავზე და მერე იწყება ვითარების ესკალაცია;

შეიძლება ითქვას, რომ ამ მანკიერ ციკლებს სწორედ უვარგისი პარტიულ-პოლიტიკური სისტემა, რომლის პირობებშიც ძალაუფლების გადანაწილება წარმოუდგენელია, შობს; ცხადია, ვერავითარი საარჩევნო სისტემა აქ პრინციპულად ვერაფერს შეცვლის, რადგან იგი მხოლოდ დემოკრატიის ინსტრუმენტია და არა პირიქით!

სინამდვილეში, მრავალპარტიულობა და პოლიტიკური პლურალიზმი მხოლოდ მოჩვენებაა, შირმაა, რომლის უკანაც არის სულ ორად ორი პოლიტიკური ძალა - ერთის ხელშია შეუქცევადად კონცენტრირებადი ძალაუფლება და მეორეს ხელში -ასევე შეუქცევადად, "პროპორციულად" მწიფდება ხოლმე კონტრ-ძალაუფლება; დაახლოებით ისე, როგორც ფიზიკაშია - პოტენციური და კინეტიკური ენერგიების ციკლურობა მათემატიკური ქანქარის მოდელზე; ვინაიდან ძალაუფლება არ ნაწილდება, რადგან ე.წ. პარტიებს ინდუსტრიული ეპოქისთვის დამახასიათებელი სოციალური ბაზისი არა აქვთ და უკვე ვერც შეექმნებათ, ხელისუფლების ცვლა სქემით: "ძალაუფლება -კონტრ-ძალაუფლება" და პირიქით, მანკიერ ციკლებად ხდება, რის გამოც ქვეყანა ვერ ვითარდება და დესტრუქციული პოსტ-ინდუსტრიული ციკლურობის ამგვარ დე-ინდუსტრიულ ჭაობშია დანთქმული.

რასაკვირველია, ძალაუფლება -კონტრ ძალაუფლების ამ სქემებს "რბილი" და "ხისტი" ალტერნატიული სცენარები აქვს;

რაც უფრო "ხისტი", ცრუ-რევოლუციური სცენარით მოხდება ხელისუფლებათა ცვლა, მით უფრო "ხისტი", მძაფრი და მტკივნეული, რეპრესიული და აგრესიული, ამავდროულად - "კარიკატურულად დიქტატორული" იქნება ძალაუფლებაში მოსული დღევანდელი კონტრ-ძალაუფლება;

ამჟამად ასეა: "ოცნება", როგორც ძალაუფლება - "რბილი" სცენარია, ხოლო ნაცები - როგორც უკვე მომწიფებული "კონტრ-ძალაუფლება" - "ხისტი" სცენარი;.

ეპოქალური კრიზისდან გამოსვლა ამ მანკიერი ციკლურობის გადალახვაა; კონტრ-ძალაუფლებით კი არ უნდა შეიცვალოს დღევანდელი ძალაუფლება, არამედ უნდა მოხდეს ამ ძალაუფლების მაშტაბური დეკონცენტრაცია და დეცენტრალიზაცია, მისი გადანაწილება არა კლიენტელური ცრუ-პარტიული სქემებით, არამედ რეალური აქტორებისთვის - უწინარესად, სოციალურად აქტიური საზოგადოებებისა და თანასაზოგადოებებისთვის;

ასეთი საზოგადოებები და თანასაზოგადოებები, ბუნებრივია არსებობენ და იდენტიფიცირებადი არიან როგორც ტერიტორიული იდენტობის ნიშნით - ე.ი. ადგილობრივი თემები და მუნიციპალური თანასაზოგადოებები, ასევე -არსებიტად აქტიური სოციალურ-ეკონომიკური როლებისა და შესაბამისი ფუნქციების მიხედვითაც : მაგ. მეწარმეთა ფენა, დაქირავებულთა ფენა, პროფესიული გაერთიანებები და სხვ. ისინი არა ცრუ-პარტიების, არამედ უშუალოდ უნდა იქნენ ცართულები მათტან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილების მიღებაში;

დასკვნა ასეთია: აშკარაა, სინამდვილეში კრიზისი და კონფლიქტი, რაც ჩვენს ერშია, არ დაიყვანება "ძალაუფლება -კონტრ-ძალაუფლებას" შორის მანკიერ და სისტემურად გადაუწყვეტად ჭიდილზე.

კონფლიქტის არსი და მუდმივი, ეპოქალური კრიზისების წყარო გაცილებით ღრმა და სერიოზულია: ეპოქალურად განწირული პარტიულ-პოლიტიკური სისტემა მთლიანად ქართველი ერისა და ყოველი მისი სოციალურად აქტიური (ან პოტენციურად აქტიური), რეალური იდენტობის მქონე ჯგუფებსა თუ ფენებს, უპირისპირდება. იდენტობაცა, რეალური ინტერესებიც ამ ჯგუფებსა აქვთ და არა ცრუ-პარტიებს, რომლებიც არა რომელიმე სოციალური ჯგუფების, არამედ მხოლოდ მათი პატრონების ინტერესებს გამოხატავენ!

ხალხი VS ხრწნადი პარტიულ-პოლიტიკური სისტემა. ესაა ეპოქალური კრიზისების, რაც 30 წელია გრძელდება, ნამდვილი შინაარსი." - წერს ზარდიაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge