Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

13:15 07.12.2019
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ პირებს 17-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

როგორც ცნობილია, პროკურატურა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი, დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.

ცნობისთვის, დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, დანარჩენი კი არასრულწლოვანთა მშობლები არიან. ამავე საქმეზე სამართალდამცავებმა რამდენიმე თვის წინ, კიდევ 11 პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

დაკავებულ პირებს 17-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge