Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

16:46 07.12.2019
„ყველა მშობელმა იცოდა, რომ მამაკაცი კლიენტებისთვის იყო გათვლილი მათი შვილების ფოტოები“

„ყველა მშობელმა იცოდა, თუ რა სახის ფოტოსესია იყო, რა მიზნით გამოიყენებოდა ეს ფოტოები და იცოდნენ, რომ მამაკაცი კლიენტებისთვის იყო გათვლილი ეს ფოტოები“, -ამის შესახებ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის შემდეგ განუცხადა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებენ. ჟურნალისტის კითხვაზე, რით დასტურდება, რომ მშობლები იყვნენ ინფორმირებული, თუ რა მიზნით გამოიყენებოდა ფოტოები, პროკურორმა განაცხადა, რომ აღნიშნული ბრალდება მტკიცდება გამოძებისთვის მოპოვებული მტკიცებულებებით.

 

„მოპოებულია მტკიცებულებები, ეს არის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ასევე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები და აგრეთვე, კომპიუტერული სისტემიდან იქნა გამოთხოვილი მათი მიმოწერა სოციალურ ქსელში. მიმოწერა იყო ბრალდებულებს შორის, როგორც ამ ბრალდებულების, ასევე წინა ბრალდებულების, რომელთაც უკვე აქვთ პატიმრობა შეფარდებული. ამ მიმოწერით დასტურდება, რომ ბრალდებულები თვითონ აქტიურობდნენ ყოფილიყო ფოტოსესია, დასტურდება ასევე, ფულის აღების ფაქტი და დასტურდება, რომ იცოდნენ, რა სახის ფოტოსესია იყო“, - განაცხადა საქმის პროკურორმა.

 

მისივე თქმით, ფოტოსესიები მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. „11-ვე ბრალდებულის მიმართ პროკურატურა შუამდგომლობდა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, რასაც ასაბუთებდა მათი მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის და ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხით. სასამართლომ ნაწილობრივ გაითვალისწინა ამ ნაწილში ბრალდების მხარის პოზიცია და ჩათვალა, რომ მიმალვის საფრთხე არ არსებობდა იმ დოზით, რა დოზითაც არსებობდა მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის და აგრეთვე, დანაშაულებრვი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძების სახით, შეუფარდა პატიმრობა“, - განაცხადა მარიამ გოგორელიანმა.

 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთი სკოლის მასაწავლებელი, დანარჩენი კი არასრულწოვანთა მშობლები არიან. ამავე საქმეზე სამართალდამცავებმა რამდენიმე თვის წინ, კიდევ 11 პირი დააკავეს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge