Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

23:06 07.12.2019
„თუ ისევ პარტიებისგან შემოსულ აჟიოტაჟს ავყვებით, პოლიტიკოსთა მარიონეტები გამოვალთ, რადგან პროპორციული სისტემა, ფინანსურადაც და პოლიტიკურადაც, პარტიებს აწყობთ და არა მოქალაქეებს“

პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ, საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა:

 

„საქართველოს ტიპის ქვეყანაში უფრო ადეკვატურია მაჟორიტარული სისტემა, სადაც თითოეული პოლიტიკოსი პასუხისმგებელია მოქალაქეთა გარკვეულ წრეზე და არ არის ე.წ. ორთქლმავალის სისტემა, როცა ადამიანმა ორი კაცი იცის, დანარჩენი კი პარლამენტში ისე შეჰყავს, არც იცის. ეს არის პროპორციული არჩევნები და ეს უნდათ ჩვენს პოლიტიკოსებს. რომელიღაც პარტია ფულს აიღებს ბიზნესმენიდან იმისთვის, რომ სიაში ჩასვას, რომელიღაც პარტია დანიშვნაზე იქნება მკაცრი და ა.შ. ქვეყანა პარტიული ბოსების ხელში ხვდება და საქართველო ამისთვის არ არის მზად. ევროპას სხვა ტრადიცია ჰქონდა, როცა ასეთ რეჟიმზე გადავიდა. აშშ-მა იმიტომ აირჩია მაჟორიტარული სისტემა, რომ პარტიების თავნებობა შეეზღუდა.

 

ავადმყოფური და პათოლოგიური მაჟორიტარებშიც არის და პროპორციულშიც, მაგრამ პროპორციულში ყოველთვის პარტიის შეფია გადამწყვეტი, მაჟორიტარულში კი პარტიის შეფი აღარ არსებობს, როგორც ძლიერი ფიგურა. ეს ჩვენი „ჭკვიანი და ძალიან ნამუსიანი“ ოპოზიცია რომ იძახის, ივანიშვილი არ გვინდაო, მერე მეორე მხარე იძახის, სააკაშვილი არ გვინდაო. ორივე ფიგურის გაუვნებელყოფის საშუალება კი მაჟორიტარული სისტემაა; მოსახლეობის 60 პროცენტამდე რომ იძახის, ჩემთვის არც ერთი პარტია არ არის ახლოსო, მაჟორიტარული სისტემა ამის საშველიც არის. თუ საქართველოს მოსახლეობა ყურს დაუგდებს ამჟამად შემოსულ ვერსიას, რომ მაჟორიტარული სისტემა საქართველოსთვის უფრო სასარგებლოა, გამოდის, ჩვენ ჩვენ თავზე ფიქრი შეგვიძლია, ხოლო თუ ისევ პარტიებისგან შემოსულ აჟიოტაჟს ავყვებით, პოლიტიკოსთა მარიონეტები გამოვალთ, რადგან პროპორციული სისტემა, ფინანსურადაც და პოლიტიკურადაც, პარტიებს აწყობთ და არა მოქალაქეებს“.

 

ინფორმაციას tvalsazrisi.ge ავრცელებს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge