Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

15:35 22.01.2020
მინისტრი თავის გადადგომას აანონსებს - რატომ მიდის თეა წულუკიანი და ვინ წავა მთავრობიდან მასთან ერთად

“ინფორმაცია მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ პრაქტიკულად ოფიციალურად დადასტურებულია. თუმცა ბოლომდე გარკვეული არ არის ამ ცვლილებების მასშტაბი და ზუსტი დრო. სამშაბათს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ითქვა, რომ ეს “სულ რამდენიმე თვეში” მოხდება და ასევე გაირკვა, რომ მთავრობას დატოვებს “ქართული ოცნების” ყველაზე სტაჟიანი მინისტრი. გარდა ამისა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან კულტირის მიმართულების გამოყოფა იგეგმება. ამ საკითხზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს და პროცესი თებერვალში დაიწყება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით მინისტრი თავის გადადგომას აანონსებს - რატომ მიდის თეა წულუკიანი და ვინ წავა მთავრობიდან მასთან ერთად.

 

“იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელსაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ უცვლელად უკავია ეს თანამდებობა, სამშაბათს თავადვე დაანონსა თავისი გადადგომა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მან თქვა, რომ “სულ რამდენიმე თვე დარჩა” მისი და მისი გუნდის იუსტიციის სამინისტროში ყოფნისა. “ქართული ოცნების” დეპუტატი რევაზ არველაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია არ აქვს არც წულუკიანის შესაძლო წასვლის შესახებ და არც მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე. დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე წულუკიანთან ერთად ზოგადად ხელისუფლებიდან “ქართული ოცნების” წასვლას პროგნოზირებს. ანალიტიკოსი გია ნოდიას აზრით, წინასაარჩევნოდ საკადრო ცვლილებების განხორციელება “ოცნებისთვის” შედეგის მომტანი არ არის და არც წულუკიანის გადადგომას მიიჩნევს სარწმუნოდ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“როგორც ვიცი ამ ქალბატონს ასეთი მიდგომა აქვს - თვითონ რომ მიდის ხოლმე სადმე, ვინც კი ძველია ყველას ხსნის და მიჰყავს. თუ ამ გაგებით უყურებს, ეს ქვეყნისთვის სასარგებლო არ არის... თეა წულუკიანი რას გულისხმობს ძნელი გასაგებია, არც “ოცნებას” არ აქვს საქმე ისე, რომ გარანტირებულად დარჩეს ხელისუფლებაში. ასე რომ, შესაძლოა რაღაც დაზღვევის განცხადებაა და შემდეგ თქვას - “მე ხომ ვთქვი, მივდიოდი”. ნაკლებად ვფიქრობ, წულუკიანი რა განცხადებებს აკეთებს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ჭიჭინაძე.

 

“რა ცვლილებებიც არ უნდა განხორციელდეს - მათ შორის პრემიერ-მინისტრის ცვლილებაც, ეს არსებითად არაფერს შეცვლის წინასაარჩევნოდ, საზოგადოების დიდ ნაწილს არ შეაცვლევინებს აზრს “ოცნებაზე”. წულუკიანის შესაძლო წასვლეზე ხშირად იყო ჭორები, თუმცა ფაქტია, რომ ის ყველაზე ვეტერანია მინისტრთა კაბინეტში, ვინ შერჩა ივანიშვილის შექმნის კაბინეტს. ასე რომ, შეუძლებელია საუბარი იმაზე, ნამდვილად წავა თუ არა თეა წულუკიანი, მიუხედავად იმისა, რომ თავად დააანონსა ეს შესაძლებლობა. თუ წავა, რატომ წავა მაინცდამაინც დღეს, აქმდე რატომ იყო წულუკიანი კარგი, ახლა რა დააშავა - ამაზე არაფრის თქმა არაა შესაძლებელი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას გია ნოდია.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი