Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

13:26 25.01.2020
რა ხდება უხანში? - Deutsche Welle


ინტერვიუ ადგილობრივი უნივერსიტეტის ლექტორ გაიოზ წუწუნაშვილთან, რომელმაც 20 იანვარს უხანიდან წასვლა მოახერხა და დღეს უკვე ავსტრალიაშია.

 

აკადემიური გაცვლების გერმანული სამსახურის (DAAD) ლექტორი გაიოზ წუწუნაშვილი ლექციებს ჩინეთის ქალაქ უხანის უნივერსიტეტში კითხულობს. იგი უხანში იყო, როცა ცნობილი გახდა - ქალაქში საშიში ვირუსი გაჩნდაო. გაიოზმა მოახერხა და უხანიდან მანამ წამოვიდა, სანამ 23 იანვარს ჩინეთის ხელისუფლება ქალაქში შესვლასა და იქიდან წამოსვლას აკრძალავდა. 20 იანვარს იგი ცოლით და ორი წლის ვაჟით ავსტრალიაში გაფრინდა, რათა დაავადება თავიდან აეცილებინა. მიუხედავად ავსტრალიაში ყოფნის მიუხედავად, გაიოზ წუწუნაშვილს კავშირი აქვს უხანში დარჩენილ თავის კოლეგებთან და მეგობრებთან.

 

Deutsche Welle-თან ინტერვიუში გაიოზი საუბრობს იმაზე, თუ რა ხდებოდა ქალაქში ვირუსის გამოვლენის შემდეგ და როგორ ცხოვრობენ დღეს უხანელები.


- პირადად თქვენ როგორ გაიგეთ კორონავირუსის აღმოჩენა? და როგორი რეაქცია ჰქონდათ უხანელებს ამ ინფორმაციაზე?

- მე ვირუსის თაობაზე სოციალური ქსელებიდან გავიგე, ჯერ კიდევ 31 დეკემბერს. პირველად მასზე ინფორმაცია გაჩნდა ჩინეთი პოპულარულ მესენჯერ WeChat-ში. იმ დრეს ჩემმა ერთ-ერთმა სტუდენტმაც მითხრა, რომ ჩვენთან საშიში დაავადების გამომწვევი ახალი ვირუსი გაჩნდაო. პირველ იანვარს ეს ინფორმაცია ხელისუფლების მიერ ოფიციალურად დადასტურდა - დაიხურა თევზის ბაზარი „ჰუანანი““, საიდანაც, სავარაუდოდ, ვირუსი გავრცელდა. მართალია, მოსახლეობას თავდაპირველად ეს ყველაფერი სერიოზულად არ აღუქვამს, ცხოვრება თავისი გზით მიდიოდა, მე პირადად მაინცდამაინც დიდი ცვლილებები არ შემინიშნავს.

 

- თქვენი რეაქცია როგორი იყო? შეშინდით?

- ცოტა შემეშინდა კიდეც. მე უცებ გამახსენდა მსგავსი სიტუაცია, რომელიც რამდენიმე წლის წინათ იყო ჩინეთში, ამიტომაც შევშფოთდი. რაც დრო გადიოდა, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება რთულდებოდა და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ სიტუაცია უკვე სერიოზული გახდა.

 

- რამდენად ამომწურავი იყო ის ინფორმაცია მომხდარ ამბებზე, რასაც ხელისუფლება მოსახლეობას აწვდიდა?

- თავდაპირველად ინფორმაცია მწირი იყო. ჯერ გავრცელდა ხმები, რომ პეკინიდან მაღალჩინოსნები ჩამოვიდნენ სიტუაციის გასარკვევადო, შემდეგ ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ბაზარი დაიხურა და ყველაფრის დეზინფექცია დაიწყეს. კი, რაღაც-რაღაცეები გამოაცხადეს, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ კარგად ინფორმირებული არ ვიყავი.

 

- როდის წახვედით უხანიდან ოჯახთან ერთად?

- თითქმის ერთი კვირის წინათ. უფრო ადრე ვერ წავიდოდი, რადგან მე, როგორც უნივერსიტეტის დოცენტს, გარკვეული ვალდებულება მქონდა, თანაც ჩინეთის საგარეო საქმეტა სამინისტროდან არანაირი გაფრთხილება არ ვრცელდებოდა, რომ ქვეყნის დატოვება აუცილებელი იყო. მე შევძელი, რომ ყველა საკითხი დროულად მომეგვარებინა, რათა რაც შეიძლება მალე წავსულიყავი ჩინეთიდან, ავსტრალიაში გაფრენილიყავით.

სამწუხაროდ, უხანში ბევრი გერმანელი მოქალქაქე დარჩა. მე მათთან მუდმივი კავშირი მაქვს. შევადგინე სია და მათი გვარები პეკინში, გერმანიის საელჩოში გავგზავნე. გერმანელ დიპლომატებს სურდათ, რომ უხანში დარჩენილ თანამემამულეებთან კონტაქტი ჰქონოდათ. კი, ბევრმა მოასწრო და წავიდა, მაგრამ 30-მდე გერმანელი ისევ უხანშია დარჩენილი. ერთ-ერთს მაღალი სიცხე აქვს, ავადაა. იგი ექიმების მეთვალყურეობაშია, მაგრამ გაუგებარია - აქვს თუ არა მას ფილტვების კორონავირუსი. ლაპარაკი შეუძლია და თვლის, რომ იგი, როგორც ჩანს, ფილტვების ანთებით ავად არ არის.


- რა ხდებოდა ქალაქში თქვენი წამოსვლის წინ? როგორ იქცეოდნენ ადამიანები?

- ბოლო დროს ქალაქის ქუჩებში ბევრი დამცველნიღბიანი ადამიანი გაჩნდა. დღეს ეს უხანში უკვე სავალდებულოა. ჩემი წამოსვლის დროს შევამჩნიე, რომ მოსახლეობა უფრო მეტად იყო შეშფოთებული, ვიდრე ვირუსის გამოვლენის პირველ დღეებში. ამჟამად, თქვენც იცით, რომ სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა - უხანი მთლიანად დახურულია, იქ ვერც წახვალ და ვერც გამოხვალ. დღეს მე უკვე [ელფოსტით] მივიღე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილება, რომ ქალაქის დატოვება მეკრძალება. ასეთივე გაფრთხილება მიუღიათ სხვებსაც... ვინც ქალაქში დარჩნენ, მოგვიანებით მომიყვნენ, რომ ჩინეთის არმიის ჯარისკაცებმა გადაკეტეს გზები, სარკინიგზო და საავტომობილო სადგურები, აეროპორტი, მოძრაობა შეწყვიტა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმაც: არ დადიან ავტობუსები, არ მუშაობს მეტრო. ხალხი პანიკაში ჩავარდა, სუპერმარკეტების თაროები და დახლები საკვები პროდუქტებისაგან გაასუფთავეს - მარაგისთვის იყიდეს, რადგან ეშინიათ და არ იციან, კარანტინი რამდენ ხანს გაგრძელდება. იმ გერმანელებმა, რომლებიც ქალაქში დარჩნენ, ახლახან ვიდეო გამომიგზავნეს, სადაც ჩანს, რომ მაღაზიებში ჩვეულებრივზე მეტი ხალხია, პროდუქტებისთვის ჩხუბსაც კი იწყებენ. ადამიანებს სურსათის შეძენა უნდათ, მაგრამ რადგანაც მსურველი უფრო მეტია, ვიდრე თვითონ პროდუქტი, საქმე მუშტი-კრივამდეც მიდის.

 

- როგორია უხანის სურსათით მომარაგების საქმე? შეგიძლიათ თქვათ, რომ ქალაქქში საკვების დეფიციტია?

- რამდენადაც ვიცი, კი, დეფიციტია. პირველ რიგში ახალი პროდუქტების, ხილის და ბოსტნეულის ნაკლებობა შეიმჩნევა, ხალხს არ ჰყოფნის.

 

- როგორია ჩინეთის ხელისუფლების რეაგირება მომხდარზე? რა საგანგებო ზომებია მიღებული ქალაქში?

- სანამ იქ ვიყავი, ჩვენ გვითხრეს, რომ ერთად ნუ შეგროვდებით და თავი შეიკავეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტით სარგებლობისგანო. სწორედ იმ დროს ბევრი აეროპორტისაკენ გაიქცა, ქალაქის დატოვების მიზნით. დღეს, 23 იანვრის დილის 10 საათამდე, გაფრენა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო. ბევრმა რკინიგზის ბილეთი აიღო და მატარებლით წასვლას შეეცადა... მოკლედ, უხანიდან წასვლის მსურველი ბევრი იყო. ზოგმა მოხერხა, ბევრმა კი ვერა. ის, რომ ქალაქი იხურებოდა, სრულიად მოულოდნელად გახდა ცნობილი - დილის 10 საათზე ყველა გასასვლელი ჩაკეტეს. რასაკვირველია, მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა. ეს ხომ უჩვეულო სიტუაციაა. საერთოდ კი, რა თქმა უნდა, აუცილებელია მცხოვრებლები ხელისუფლების განკარგულებებს დაემორჩილონ. ვფიქრობ, ჩინეთის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რომ სიტუაცია მათ კონტროლქვეშ იყოს.

-----------

 

მოამზადა სიმონ კილაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge