Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

22:21 25.01.2020
ვლადიმერ ვისოცკისა და მარინა ვლადის ქართული ქორწილი - საქართველოში გატარებული ის 14 დღე ყველაზე ბედნიერი იყო მათ ცხოვრებაში

„მიყვარხარ ახლა… მოსაყოლად მტრედი ავუშვი…

 შენს სიყვარულში, როგორც მზეში, ისე ჩავიწვი…

 მიყვარხარ ახლა, დღეს მიყვარხარ… ზუსტად ამ წუთში…

 წარსულის არ მწამს… მომავალში კიდევ რა ვიცი…“ 


ეს ვლადიმერ ვისოცკის უკანასკნელი ლექსია მარინა ვლადისადმი მიძღვნილი. 25 იანვარს ვალოდიას დაბადების დღეა, თუმცა, როგორც ამბობდა, ის მეორედ მაშინ დაიბადა, როცა მარინას შეხვდა ანუ 1967 წელს... მოგვიანებით, მარინა სიყვარულის ახსნას ასე იხსენებდა: „შემოდგომის ერთ საღამოს სახლიდან ყველა გაიკრიფა. როდესაც კარი დავხურე, შენსკენ შემოვბრუნდი, იდექი და ჩურჩულებდი. მხოლოდ ნაწყვეტი გავიგე - „შენ, სამუდამოდ ჩემი ცოლი…“ სიცოცხლეშივე კერპადქცეული პოეტის, მსახიობისა და მომღერლის ვლადიმერ ვისოცკისა და უმშვენიერესი მსახიობის მარინა ვლადის სიყვარულის ტრაგიკული ისტორია უშუალო შედეგია საბჭოთა სისტემის სისასტიკისა. ვალოდია მოსკოვში ცხოვრობდა,  მარინა - პარიზში, ორივე ორ-ორ-ჯერ იყო დაქორწინებული, ჰყავდათ შვილები. მაინც ერთად იყვნენ, ერთად- უერთმანეთოდ. თუმცა 1970 წლის 13 იანვარს მაინც დაქორწინდნენ. მხატვარი ზურაბ წერეთელი იხსენებს: 


„თავიდან ვალოდიამ მოსკოვში მოინდომა დროსტარება, მაგრამ ფული არავის ჰქონდა. ღარიბები ვიყავით. მარინას ერთი ოთახი ჰქონდა დაქირავებული და იქ დაგვპატიჟეს საშა მიტი ცოლთან ერთად, ზოია ბოგოსლავსკაია, ანდრეი ვოზნესენსკი, იური ლუბიმოვი და მე. რამდენიმე ბოთლი შამპანური ვიყიდეთ, მაგრამ განწყობაზე არც ერთი არ ვიყავით. ვალოდია დივანზე იწვა და გიტარას აჟღარუნებდა. მე კიდევ ასეთი ხასიათი მაქვს - მეგონა, ჩემი ბრალია, ზეიმი რომ არ გამოვიდა. ჰოდა, ვთქვი, „წავიდეთ თბილისში. დროს იქ გავატარებთ-მეთქი" და წამოვედით!“ 


მარინა ამბობს, რომ საქართველოში გატარებული ის 14 დღე და ქორწილი, ყველაზე ბედნიერი იყო მათ ცხოვრებაში. ჯვარი მამადავითზე დაიწერეს. ქორწილი ძველ თბილისში გაიმართა, ნამდვილი ძველებური ქართული ქორწილი დიდ დარბაზში. „ჩვენ სუფრის ბოლოს ვსხედვართ, ორივეს თეთრი სამოსი გვაცვია, ხელები ჩაჭიდებული გვაქვს... თამადა პირველ სადღეგრძელოს ამბობს: დაე, თქვენი კუბო იმ მუხის ფიცრებისგან შეკრან, რომელსაც დღეს, თქვენი ქორწილის დღეს დავრგავთ.“ ღვინოს ყანწში ასხამენ. პირველს მეორე სადღეგრძელო მოსდევს: „დაე, თქვენმა შვილთაშვილებმა შავ ბაზარზეც კი ვერ იშოვონ ბილეთი თქვენს სპექტაკლებზე დასასწრებად!“  გამასპინძლება მეფურია. სადღეგრძელოები უსასრულო. ქორწილის ბოლოს ვისოცკი მაგიდას გამოედო და ძვირფასი ჭურჭელი დაიმტვრა. საქართველოში ამბობენ, რომ თუ ქორწილში რამე ტყდება, ეს უბედურების ნიშანია. თბილისელები არასდროს ცდებიან… აღარ ვიცით, სირცხვილისგან სად წავიდეთ. ბოდიშის საპასუხოდ მასპინძელი ხელის ერთი მოსმით მთელ ჭურჭელს იატაკზე ყრის და მეფურ განკარგულებას გასცემს, კვლავ გააწყონ სუფრა. თამადა კი ამბობს: „მით უკეთესი. თავიდან დავიწყოთ.“ ყველაზე საოცარი საჩუქარი კი მაშინ მივიღეთ, როდესაც ჩვენი ოთახის კარი გავაღეთ. იატაკი სხვადასხვა ფერის ხილით იყო მოფენილი. ორსიტყვიანი წარწერა საწოლზე მიგდებულ ლამაზ ძველებურ შალზე იყო მიმაგრებული: „სერგო ფარაჯანოვი“. 


ვლადიმერ ვისოცკი და მარინა ვლადი ზურაბ წერეთელს ლადო გუდიაშვილთან სტუმრადაც მიუყვანია: „მის სახლში მოდილიანის სურათი რომ ნახა, მარინამ თქვა, რომ ის მამამისის მეგობარი იყო. ლადომ ჰკითხა, მამას რა ჰქვიაო?- ვლადიმე პოლიაკოვი-ბაიდაროვი - უპასუხა მარინამ. ლადო კი მეორე ოთახში გავიდა და სურათი შემოიტანა. ფოტოზე მარინა ვლადის მამა იყო გადაღებული პარიზში, რესტორან „კოპელაში“ პიკასოსთან, ლეჟესთან და მოდილიანთან ერთად. ლადო დიდხანს უამბობდა მარინას მამის შესახებ. მან პირველად მოისმინა ისეთი ეპიზოდები, რომლებზეც წარმოდგენა არ ჰქონდა. ცრემლები წამოუვიდა და გული აუჩუყდა.“  


ვისოცკისა და ვლადის თანაცხოვრება ათ წელს გაგრძელდა. მათ ბედნიერებას საბჭოთა „რკინის ფარდასთან“ ერთად ვალოდიას ალკოჰოლდამოკიდებულება უშლიდა ხელს, რასაც მოგვიანებით ნარკოდამოკიდებულებაც დაემატა. ორივე ჯიუტად იბრძოდა. მარინა, რომელიც ქმარს ღალატსაც კი პატიობდა, საკუთარი თავის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას ვეღარ უძლებდა, თავისებურად „სჯიდა“- პარიზში გარბოდა, თუმცა მალევე უკან ბრუნდებოდა... ერთხელ ვალოდიამ მეგობარს უთხრა: „შენ იცი, როგორ მიყვარს მარინა, მაგრამ მისი სიყვარული ძალიან ფრანგულია, რაციონალური… მე ასე არ შემიძლია“. 


ივლისის სამი კვირის მანძილზე, რომელიც ვლადიმერმა ცოლთან ერთად პარიზში გაატარა, წყვილი თავგამოდებით ცდილობდა პრობლემებთან გამკლავებას. „ათასჯერ მართალიც რომ იყო, რა მნიშვნელობა აქვს, როცა შენი საყვარელი ქალი ტირის?" - წერდა ვალოდია და მერამდენედ ჰპირდებოდა მარინას, რომ არ მიეკარებოდა ნარკოტიკსა და სასმელს... ვერ შეძლო, უკვე ძალიან გვიან იყო.      


1980 წელს მოსკოვში ოლიმპიადა მიმდინარეობდა. მარინა იხსენებს: „25 ივლისს, დილის 4 საათზე, ოფლში გახვითქულმა გავიღვიძე. შუქი ავანთე და ლოგინში წამოვჯექი. ბალიშზე სისხლის კვალია - უზარმაზარი კოღო გავსრისე. ამ ლაქამ თითქოს მომაჯადოვა და თვალს ვერ ვაცილებ. ამ დროს ტელეფონი რეკავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შენს ხმას ვერ გავიგებ. უცნობი ხმა და ორი სიტყვა „ვალოდია მოკვდა“ - ეს იყო და ეს...“ ვისოცკი 4:10 საათზე გარდაიცვალა.  ექიმების ნაწილი მიიჩნევდა, რომ მიზეზი გულის მიოკარდია გახდა, მეორე ნაწილი თვლიდა, რომ ასფიქსია წამლების დიდმა დოზამ გამოიწვია. მოგვიანებით, ჟურნალისტური გამოძიებით თითქოს დადასტურდა კიდეც, რომ საბჭოთა კაგებემ ისარგებლა ვალოდიას სისუსტით და თავიდან მოიშორა. 


ელვისებურად გავრცელდა ვისოცკის გარდაცვალების ამბავი. მარინა 4 საათში მოსკოვში ჩაფრინდა. რამდენიმე სტადიონი, სადაც ტარდებოდა ოლიმპიური თამაშები, ერთბაშად დაიცალა. ვისოცკი ზღვა ხალხმა გულწრფელად დაიტირა, რუსეთმა კი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ აღიარა. სიკვდილის შემდეგ გამოიცა მისი ლექსებიც...

 

 

 

წყარო: HOT NEWS

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge