ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და საქართველოს პრეზიდენტობის ოპოზიციურმა კანდიდატებმა დღეს ერთობლივი მემორანდუმი გაავრცელეს
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და საქართველოს პრეზიდენტობის ოპოზიციურმა კანდიდატებმა დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის, მსოფლიო ქვეყნების მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე ერთობლივი მემორანდუმი გაავრცელეს. გთავაზობთ სრულ ტექსტს. "ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ვაცხადებთ, რომ: საქართველოს პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, აგრეთვე, დამოუკიდებელი დამკვირვებლების დიდი უმრავლესობა მიიჩნევს რომ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ტოტალური გაყალბების და ძალადობის პირობებში, რამაც გამოიწვია პირდაპირი ზეგავლენა არჩევნების შედეგზე და კანონის დარღვევით არ დაინიშნა არჩევნების მე-2 ტური; საქართველოს პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები არ ცნობენ თვითგამოცხადებული „პრეზიდენტის" მიხეილ სააკაშვილის ლეგიტიმურობას და უარს ამბობს მასთან თანამშრომლობაზე და მის მთავრობაში ნებისმიერი თანამდებობების დაკავებაზე; სააკაშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოს პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აგრძელებენ წინააღმდეგობის კამპანიას კონსტიტუციური, მშვიდობიანი პროტესტის საშუალებების გამოყენებით; მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური კრიზისის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, რისთვისაც გადაუდებლად უნდა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები: 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმური შედეგების დაძლევის მიზნით: 1.საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით გადაითვალოს ამომრჩეველთა ხმები სადავო ოლქებში, მ.შ. ვიდეო-თვალის მონაცემების გამოყენებით; 2.კენჭისყრის დროს აღმოჩენილი დარღვევები გამოძიებულ იქნას და დამნაშავეები დაისაჯონ სისხლის სამართლის წესით; 3.განხორციელდეს კონსტიტუციური ცვლილება, რომლის თანახმადაც ახლადარჩეულ პარლამენტს წარედგინება მთავრობის ახალი შემადგენლობა; პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით: 4.დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტიკური მოსაზრებების გამო დაკავებული პირები; 5.გამოძიებულ იქნეს 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევა, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის და ზეწოლის ფაქტები; 6.გადაყენებულ იქნენ შს მინისტრი და გენერალური პროკურორი. რეორგანიზებულ იქნეს პოლიტიკური პოლიციის ქვედანაყოფები (სოდ, კუდ, სასჯელ-აღსრულების სპეც-დანიშნულების დანაყოფი); 7.შეიქმნას სამართალდამცავ სისტემაზე მონიტორინგის სისტემა: პარლამენტის საგამოძიებო კომისია (პარიტეტულ საწყისებზე) და მონიტორინგის რეგიონული საბჭოები, რომლებიც გამოიძიებენ ძალოვანი სტრუქტურების უკანონო ქმედებებს;
სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით: 8.საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭო დაკომპლექტდეს პარიტეტის პრინციპით შემჭიდროებულ ვადებში, გენერალური დირექტორი დაინიშნოს მხარეებს შორის შეთანხმებით; 9.კომუნიკაციების ეროვნული კომისია დაკომპლექტდეს პარიტეტის საფუძველზე; 10.რეალურად ამოქმედდეს კერძო ტელევიზიებზე მონიტორინგის სისტემა, ე.წ. „მიჰნიკის ჯგუფი"; 11.აღდგეს საჯარო დაწესებულებების, მ.შ. სასამართლოს სხდომების საჯაროობა და მედიის დასწრების თავისუფლება;
არჩევნების პროცესის კანონიერად წარმართვის მიზნით: 12.პარლამენტის არჩევნები დაინიშნოს მოქმედი პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე (აპრილი). აჭარის პარლამენტის არჩევნები დაინიშნოს აჭარის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე (ივლისი); 13.რეფორმირებულ იქნეს დღეს მოქმედი ე.წ. მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა (წინნერ ტაკეს ალლ), იმგვარად, რომ მანდატები განაწილდეს მიღებული ხმების პროპორციულად; 14.სრული პარიტეტის პრინციპით (ანუ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების თანაბარი წარმომადგენლობით) დაკომპლექტდეს ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია. ცესკოს თავმჯდომარე დაინიშნოს მხარეებს შორის შეთანხმებით. საოლქო და საუბნო კომისიის თავმჯდომარეების, მოადგილეების და მდივნების თანამდებობები განაწილდეს საარჩევნო სუბიექტებს შორის; 15.აიკრძალოს საარჩევნო კამპანიაში პრეზიდენტის და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობა; 16.ყველა საარჩევნო უბანი აღიჭურვოს ვიდეო-თვალით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის; 17.შემუშავებულ იქნეს საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქცია სადაც გათვალისწინებულ იქნება წინასწარი გამოკითხვების (Exit Poll) გამოქვეყნების, ამომრჩეველთა სიების შედგენის და დარღვევების გასაჩივრების ეფექტური მექანიზმები, აგრეთვე საერთაშორისო დამკვირვებლების სხვა შენიშვნები". მემორანდუმს ხელს აწერენ ლევან გაჩეჩილაძე, დავით გამყრელიძე, გია მაისაშვილი, კახა შარტავა, კონსტანტინე გამსახურდია, გია თორთლაძე, ზვიად ძიძიგური, ზურაბ ტყემალაძე, დავით უსუფაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ჯონდი ბაღათურია, პაატა დავითაია და კობა დავითაშვილი.