სარიშვილი ნეიტრალიტეტის გამოცხადების მოთხოვნით მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
2008.02.21 16:47
პარტია "იმედი" საქართველოს მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადების მოთხოვნით მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. როგორც პარტიის ლიდერმა ირინა სარიშვილმა-ჭანტურიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელმოწერების შეგროვება ოთხი თვის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით იწარმოებს.
"ჩვენ საქართველოს მიერ ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას, საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის, ასევე სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ დადგენილების გაუქმებას მოვითხოვთ" - განაცხადა სარიშვილმა, რომლის პარტიამ საქართველოს პარლამენტს ხელმოწერების შეგროვებისთვის გათვალისწინებული ბლანკების გაცემის თხოვნით ხელმეორედ მიმართა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული მუხლის ნაცვლად პარტია კონსტიტუციაში შემცვლელი მუხლის შეტანას მოითხოვს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნების სამხედრო ბაზების და სამხედრო ფორმირებების განთავსების აკრძალვას ითვალისწინებს. სარიშვილი საქართველოს მასშტაბით 200 ათასზე მეტი ხელმოწერის შეგროვებას ვარაუდობს.