მინძაევი ერგნეთთან ავტობუსების გაჩერების გამო, ადეკვატური ზომების მიღებით იმუქრება
2006.08.07 15:37
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შს მინისტრი მიხეილ მინძაევი ერგნეთთან ავტობუსების გაჩერების გამო, ადეკვატური ზომების მიღებით იმუქრება.
დეფაქტო მთავრობის საინფორმაციო კომიტეტი მინძაევის განცხადებაზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ფინანსური პოლიციის მიერ ცხინვალის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსების გაჩერება, ქართული მხარის მორიგი პროვოკაციაა. “საქართველოს ხელისუფლება კონტრაბანდასთან ბრძოლის მოტივით, სისტემატიურად აკავებს ავტოტრასპორტს და ახდენს მგზავრების კუთვნილი ხელბარგის კონფისკაციას. ასეთი ფაქტების განმეორების შემთხვევაში, ოსური მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს ადეკვატური ზომები” –აცხადებს მინძაევი. მან უკვე გასცა ბრძანება, არ გატარონ ცხინვალის მიმართულებით ქართველი მგზავრების კუთვნილი ტვირთები. მეორე დღეა ცხინვალის შესასვლელთან საქართველოს ფინანსურ პოლიციას რამდენიმე სამგზავრო ავტობუსი ჰყავს გაჩერებული, რომელთაც ცხინვალისკენ გზის გაგრძელების საშულება არ ეძლევათ. ავტობუსები სავაჭრო საქონლით არის დატვირთული, რომელიც კონფლიქტის ზონაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა თბილისში, ლილოს ბაზრობაზე შეიძინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსების გაჩერება კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება.