კულტურის სამინისტრო კი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს!
"დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი" ინგრევა.
მცხეთის მუზეუმი გარედან, ქართველებისა თუ უცხოელების თვალის ასახვევად, ლამაზად, სალათისფრად გადაუღებავთ, შენობაში შესვლისას კი დამთვალიერებელს მძიმე სურათი გადაეშლება. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ დაბზარული კედლები და ჩამონგრეული ჭერი დიდ საფრთხეს გვიქმნიდა რამდენიმე ფოტოს გადაღების დროს.
"ეს არაა სამუზეუმო შენობა. იგი ინგრევა და მუდმივი საფრთხის მატარებელია არა მხოლოდ ექსპონატებისთვის, არამედ _ ჩვენთვის, თანამშრომლებისთვისაც. შენობა საშინლადაა დაბზარული და ირყევა(!). გაზაფხულსა და შემოდგომაზე გამუდმებით ჩამოდის წვიმა, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ძეგლებზე.
ნესტი აზიანებს: ბრინჯაოს, ვერცხლს, ქარვას, თიხას და რკინას. ვერ ვარეგულირებთ კლიმატს, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად ხორციელდებოდეს კონტროლი კლიმატზე", _ აღნიშნა "ჯორჯიან თაიმსთან" საუბრისას დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა, თემურ ბიბილურმა. მუზეუმს ძალიან მწირი ბიუჯეტი აქვს და ყველა იმ სამუშაოს, რასაც ავარიული შენობა საჭიროებს, თანხა ვერ სწვდება: "ჩვენი წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 74 000 ლარია. წლიური ხარჯი კი, ხელფასების გარდა, _ 1 700 ლარამდე.
ამ თანხით ჩვენ უნდა მოვუაროთ ფონდებში დაცულ 30 000-ზე მეტ ძეგლს, მუზეუმის შენობას, რომელიც ყოველწლიურად საჭიროებს კოსმეტიკურ შეკეთებას. ამავე თანხით უნდა მოვახერხოთ თუნდაც ელემენტარული პირობების შექმნა როგორც საგანძურებისთვის, ასევე დამთვალიერებლებისთვისაც, და რაც ასევე მნიშვნელოვანია, უნდა მოვუაროთ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ არმაზციხე-ბაგინეთს," _ აღნიშნავს თემურ ბიბილური.
მუზეუმის თანამშრომლებმა რამდენიმე წლის წინ შეადგინეს პროექტი, რომლის მიხედვითაც მუზეუმი კინოთეატრ "კარიბჭეს" შენობაში (ეს შენობა დაშენებულია VI საუკუნის ძეგლზე, მცხეთის კარიბჭეზე) უნდა გადასულიყო, მაგრამ ეს რატომღაც დღემდე ვერ ხერხდება. ბატონმა თემურმა ერთი საინტერესო ფაქტიც გვიამბო: "დაახლოებით ერთი კვირის წინ კინოთეატრ "კარიბჭეს" რამდენიმე მამაკაცი ესტუმრა. მათი თქმით, VI საუკუნის ძეგლის აღებას და იქ "ბოულინგ ცენტრის" მოწყობას აპირებენ.
საშინლად აღვშფოთდით და ვუთხარით, რომ ამის გამო მთელი სამეცნიერო საზოგადოება ჩაქოლავდათ, ამის შემდეგ ისინი ისე გაუჩინარდნენ, რომ ვერ გავიგეთ, ვისი დავალებით მოქმედებდნენ. ჩვენ მაშინვე ვაცნობეთ კულტურის სამინისტროს, მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. თემურ ბიბილური მიიჩნევს, რომ კანონი "მუზეუმების შესახებ" ძალაინ ცუდადაა შექმნილი: "კანონში წერია, რომ მუზეუმს ენიჭება ასლების დამზადების უპირატესი უფლება, მაგრამ ეს რას ნიშნავს? იქვე რომ ეწეროს რეალიზაციის უფლება, ძალიან კარგი იქნებოდა, ასეთ შემთხვევაში კი რა აზრი აქვს ასლების დამზადებას? ასევე, კანონით მუზეუმს ყველანაირი სამეწარმეო უფლება აქვს, მასში თუ ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ ჩვენ არაფრის უფლება არ გვაქვს", _ ამბობს იგი.
წინასაარჩევნო პერიოდში, ჯანაშიას სახელობის მუზეუმში შეხვედრის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მომავალ წელს მცხეთაში დიდი სამუზეუმო კომპლექსის მშენებლობა დაიწყებოდა, დღესდღეობით მცხეთის მუზეუმი კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. იმის გათვალისწინებით, რომ წინ საპარლამენტო არჩევნებია, იმედს ვიტოვებთ, მცხეთაში მართლაც დაიწყება დიდი სამუზეუმო კომპლექსის მშენებლობა.
კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში კი მიაჩნიათ, რომ მცხეთის მუზეუმი ნამდვილად არ არის საგანგაშო მდგომარეობაში, უფრო მეტიც, თურმე სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ გამოუცვლიათ ექსპოზიცია და საკმაოდ ნორმალურად აღიქმება დამთვალიერებლის თვალში.