რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: გაეროს უშიშროების საბჭო, უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების საკითხში საქართველოს ნებას არ დაჰყვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ გაავრცელა ოფიციალური ცნობა-შეტყობინება, რომელშიც გადმოცემულია მოსკოვის თვალსაზრისი საქართველოს თხოვნით 23 აპრილს გამართული გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შესახებ.
ნიუ-იორკში საქართველოს თხოვნით ჩატარებულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა წამოაყენა წინადადება, რომლის თანახმად, აუცილებელია აფხაზეთს მიეცეს უფლება თვითონ მიაწოდოს გაეროს უშიშროების საბჭოს ინფორმაცია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარების შესახებ.
“რუსეთმა კვლავ დასვა საკითხი, რომ აუცილებელია, საქართველოსთან ერთად, აფხაზეთსაც ჰქონდეს შესაძლებლობა გააცნოს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს თავისი ხედვა კონფლიქტის ზონაში არსებული მდგომარების შესახებ”, - ნათქვამია რუსეთის დიპლომატიური უწყების ცნობაში. 23 აპრილს ჩატრებული საბჭოს სხდომის კომენტირებისას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველო შეეცადა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების ყურადღება გადაეტანა აფხაზეთში ქართული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტზე, რომელშიც თითქოსდა რუსული თვითმფრინავი მონაწილეობდა.
“მაგრამ ეს ფანდი საქართველოს არ გაუვიდა - საბჭოს უმეტესმა წევრებმა ძალზე თავშეკავებული რეაგირება მოახდინეს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ბაქრაძის გამოსვლაზე”, - ხაზგასმულია დოკუმენტში. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო აღნიშნავს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე არავითარი დოკუმენტი არ მიღებულა.