გაეროს უშიშროების საბჭოს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია
“რია “ნოვოსტი” (რუსეთი), ლარისა საენკო, ნიუ-იორკი
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები, რუსეთის თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით, საერთო აზრამდე ვერ მივიდნენ. დახურულ სხდომაზე გამართული მსჯელობის შედეგად რაიმე დოკუმენტი არ მიღებულა - ეს საერთოდ არც იყო დაგეგმილი.
“ზოგიერთმა ქვეყანამ პროქართული განწყობის გადალახვა ვერ შეძლო”, - განაცხადა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა. მისი თქმით, კონფლიქტის მოსაგვარებლად აუცილებელია, რომ საქართველომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას ძალის არგამოყენების შესახებ და კოდორის ხეობიდან თავისი ჯარები გაიყვანოს. “კუნთებით თამაში ნდობის განსამტკიცებლად არ გამოდგება. ამგვარი ქცევა იმ მიზანთან არ გვაახლოებს, რასაც თბილისი ოფიციალურად აცხადებს”, - აღნიშნა ჩურკინმა და ჟურნალისტებს რუსეთის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი გაახსენა, რომლის მთავარი მომენტი ძალის არგამოყენების გარანტიაა. რუსი დიპლომატის თქმით, მოსკოვის აქტიურმა პოზიციამ ხელი შეუწყო იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ კონფლიქტის მოგვარებით ღრმად დაინტერესდა და შესაბამისი გეგმაც შემუშავდა.
საქართველოს წარმომადგენლის ირაკლი ალასანიას თქმით, “ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთმა კონფლიქტის მოგვარებაში გავლენიანი მოთამაშის როლი უნდა შეასრულოს, მაგრამ იმავდროულად მიგვაჩნია, რომ რუსეთი არ უნდა დომინირებდეს, მათ შორის სამშვიდობო ძალების შემადგენლობაშიც”.
აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ზალმაი ხალილზადმა სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია რუსეთის თვითმრინავების საქართველოს საჰაერო სივრცეში შეჭრით და ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას წარმოადგენს.
უშიშროების საბჭოს დანარჩენმა წევრებმა კომენტარებისაგან თავი შეიკავეს, თუმცა, როგორც წყაროები იტყობინებიან, დასავლეთევროპული ქვეყნების წარმომადგენლებმა აშშ-ის პოზიცია გაიზიარეს.