კონდოლიზა რაისი - იმედს გამოვთქვამთ, რომ დიმიტრი მედვედევის სიტყვა სიმართლეს შეესაბამება და საქართველოში ოპერაცია შეჩერდება
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი საფრანგეთიდან მოსკოვში გაემგზავრება და საქართველოს ამის შემდეგ ეწვევა. კონდოლიზა რაისსა და ნიკოლა სარკოზს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მოგვარების გზებზე იმსჯელეს და საფრანგეთის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა განიხილეს. "იმედს გამოვთქვამთ, რომ დიმიტრი მედვედევის სიტყვა სიმართლეს შეესაბამება და ოპერაცია შეჩერდება. ეს კრიზისი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს, ბევრი ადამიანი დაიღუპა და საქართველო, რომლის ტერიტორიულ მთლიანობასაც ჩვენ პატივს ვცემთ, უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ქვეყანაში სამხედრო მოქმედებები უნდა შეჩერდეს", - აცხადებს კონდოლიზა რაისი. მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. "ეს გაეროს წევრი ქვეყანაა, რომლის საზღვრებიც საყოველთაოდ არის აღიარებული. იქნება პროცესები, რომელიც საკმაოდ რთულია და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მოგვარებას ეხება, მაგრამ ამ თემას უფრო ფართოდ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია შეეხება, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რაც წინა რეზოლუციებში იყო ნათქვამი, სადაც აღიარებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა", - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა. კონდოლიზა რაისი თბილისში პრეზიდენტ ბუშის დავალებით ჩამოდის.