|
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მიმდინარე ტენდერებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, დეკემბერში გამოცხადებული 2 ტენდერის ფარგლებში წინადადებები დღეს გაიხსნება. კერძოდ, ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა და ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის რეაბილიტაციის წინასაკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარმოდგენა.
კიდევ 12 ობიექტზე სატენდერო წინადადებების გახსნა იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში მოხდება. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის 1-10 კმ-ზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა, ავტობან სვენეთი-რუისის მონაკვეთის რეაბილიტაციაზე წინასაკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარმოდგენა, რამდენიმე სახიდე გადასასვლელისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია.
|