“საქართველოს დემოკრატიული პარტია” პრეზიდენტისთვის რიგი უფლებების შეკვეცის ინიციატივით გამოდის
“საქართველოს დემოკრატიული პარტია” პრეზიდენტისთვის რიგი უფლებების შეკვეცის ინიციატივით გამოდის. პარტიაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია პრეზიდენტის დისტანცირება აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან.
კერძოდ, პრეზიდენტს უნდა ჩამოერთვას სახელმწიფო ბიუჯეტის ოქტროირების უფლება. ასევე, მთავრობის პოლიტიკის განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტებიდან პრეზიდენტის ბრძანებულებები ამოღებული უნდა იყოს. აღმასრულებელი ფუნქციების მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემულ პრეზიდენტის აქტებს კი ძალა მხოლოდ მაშინ უნდა ჰქონდეთ, თუ მას ხელს პრემიერ-მინისტრიც მოაწერს. ამას გარდა, ოპოზიცია გამოდის ინიციატივით, პრეზიდენტს მთავრობის აქტების გაუქმების უფლებაც ჩამოერთვას და ასევე, ძალოვანი მინისტრები პრეზიდენტის დაქვემდებარებაში აღარ იყვნენ.
აღნიშნული ცვლილებები კონსტიტუციაში უნდა შევიდეს და ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე საორგანიზაციო კომისიას წარედგინება. პარტიაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ ცვლილებების გათვალისწინების შემთხვევაში – როდესაც პრეზიდენტი აღარ იქნება მთავრობის “დირექტორი”, ექნება აზრი უნდობლობის გამოცხადების გამარტივებაზე საუბარს.
უკვე ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას კი “საქართველოს დემოკრატიულ პარტიაში” ფორმალობად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ მასში პრეზიდენტის უფლება მხოლოდ ერთდაერთ ასპექტში მცირდება და ფორმალურად იზღუდება პარლამენტის დათხოვნაში.
“საქართველოს დემოკრატიული პარტია” აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციტივებზე დღეს, პრესკონეფერცნიაზე ისაუბრებს.
უკვე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებით, პრეზიდენტს პარლამენტის მეორედ დათხოვნა მხოლოდ რეფერენდუმის შედეგების მიხედვით შეეძლება.