|
ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, ისლამური რევოლუციის გამარჯვების 30-ე წლისთავის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, გასულ ღამეს თანამგზავრი “ომიდი” (იმედი) ორბიტაზე გაუშვა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოში ირანის საელჩოდან აცნობეს, თანამგზავრის გაშვების ბრძანება პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადი ნეჯადიმ გასცა.
საელჩოს განმარტებით, “ომიდი” არის მსუბუქი ტიპის თანამგზავრი, რომელიც ყოველ 24 საათში 15–ჯერ შემოუვლის დედამიწას და ყოველი შემოვლისას გაკონტროლდება დედამიწიდან. მას აქვს ორი სიხშირე და რვა ანტენა, რომლებითაც მოხდება ინფორმაციის მიღება და გადაცემა.
“თანამგზავრის ორბიტაზე გაყვანა განხორციელდა ირანული რაკეტმზიდით “საფირ–2” , რომელიც არის საკმაოდ ზუსტი რაკეტმზიდი და შეუძლია მსუბუქი თანამგზავრების გაყვანა კოსმოსურ სივრცეში. “საფირ–2” მთლიანად დამზადებული და აწყობილია ირანელი სპეციალისტების მიერ”,-ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
|