აშშ სოხუმსა და ცხინვალში რუსული ბაზების განთავსებასთან დაკავშირებული გეგმების გამო სინანულს გამოთქვამს
თეთრი სახლი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზების განთავსებასთან დაკავშირებული გეგმების გამო სინანულს გამოთქვამს. ამის შესახებ სააგენტო “რია ნოვოსტი” აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილებით რუსეთი არღვევს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. თეთრ სახლში აცხადებენე, რომ აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვი დათანხმდა იმ პირობას, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული ძალების რაოდენობა 7 აგვისტომდე არსებულ სტატუს-კვოს უნდა დაბურნებოდა. “საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსება ცეცეხლის შეწყვეტის შესახებ დადებულ შეთანხმებას არღვევს”, - აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რობერტ ვუდმა. მისივე თქმით, ბაზების მშენებლობა უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც აღიარებულია გაერო-ს მიერ.