|
დევნილებისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობა იქნება ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატებისა” და კონტროლის პალატის ხელმძღვანელის ლევან ბეჟაშვილის დღევანდელი შეხვედრის თემა.
“ქრისტიან-დემოკრატები” ცხინვალის რეგიონიდან დევნილებისთვის დახარჯული საბიუჯეტო სახსრების განკარგვის მართლზომიერების შესწავლას ითხოვენ და ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაც გამართეს. ფრაქცია კონტროლის პალატის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით მინიჭებული უფლების გამოყენებას საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე აპირებს. აღნიშნული პუნქტით, საპარლამენტო ფრაქციას უფლება აქვს, სასესიო პერიოდში ერთხელ მოითხოვოს კონტროლის პალატისგან მათთვის მნიშვნელოვან საკითხზე რიგგარეშე, არაგეგმიური აუდიტის ჩატარება.
ფრაქციამ კონტროლის პალატას მიმართა, ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობისთვის დასახლებისა და ნორმალური ყოფითი პირობების შექმნისთვის დახარჯული საბიუჯეტო სახსრების განკარგვის მართლზომიერების დასადგენად რიგგარეშე, არაგეგმიური აუდიტი ჩატარდეს.
“ქრისტიან-დემოკრატების” მოთხოვნას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იმავე დღეს დადებითად გამოეხმაურა.
“ქრისტიან-დემოკრატებისა” და ლევან ბეჟაშვილის შეხვედრა პარლამენტში დღეს, 13:00 საათზე გაიმართება.
|