9 აპრილის აქციის საორგანიზაციო შტაბმა განცხადება გაავრცელა
სააკაშვილის არალეგიტიმურმა და არასახელმწიფოებრივმა რეჟიმმა კატასტროფამდე მიიყვანა ქვეყანა და ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან პრეზიდენტის გადადგომაა, - ამის შესახებ საუბარია 9 აპრილის აქციის საორგანიზაციო შტაბის სამდივნოს განცხადებაში, რომელიც დღეს “საქართველოს გზის" ოფისში გავრცელდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობას აპირებენ, მოუწოდებენ ქართველ ხალხს, 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბოს.
აქციის ერთ-ერთი კოორდინატორის კახა კუკავას განცხადებით, ზემოაღნიშნულ განცხადებას დღესვე გაუგზავნიან ყველა დარეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტს, პოლიტიკურ პარტიას; მოუწოდებენ მათ, შეუერთდნენ ამ იდეას და ეს ხელმოწერით დაადასტურონ.
ამ დროისთვის განცხადებას ხელს აწერენ აკაკი ასათიანი _ “ტრადიციონალისტთა კავშირი"; გუგული მაღრაძე _ "ქალთა პარტია სამართლიანობისა და თანასწორობისთვის"; ეკა ბესელია _ "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის"; ზვიად ძიძიგური _ "კონსერვატიული პარტია"; კობა დავითაშვილი _ "ხალხის პარტია"; კონსტანტინე გამსახურდია _ "პარტია თავისუფლება", ნინო ბურჯანაძე _ "დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველო"; სალომე ზურაბიშვილი _ "საქართველოს გზა", აგრეთვე, ლევან გაჩეჩილაძე.