ლიტვის სეიმის თავმჯდომარე რუსული აგრესიის ეკოლოგიურ შედეგებს გაეცნობა
ლიტვის სეიმის თავმჯდომარე არუნას ვალიანსკასი, ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე დღეს ბორჯომის ხეობაში რუსული აგრესიის შედეგად გადამწვარ ტყის მასივებს მოინახულებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, დაბა წაღვერში არუნას ვალიანსკასი, გიგი უგულავა და გოგა ხაჩიძე ნახანძრალი ტყის ტერიტორიაზე ახალ ნერგებს სიმბოლურად დარგავენ.
მათივე ცნობით, ოფიციალური ლიტვა გმობს საქართველოში რუსული აგრესიის შედეგად განხორციელებულ ეკოციდს. 2008 წლის აგვისტოში რუსული აგრესიის შედეგად ბორჯომის ხეობაში 950 ჰექტარი ტყე გადაიწვა. ეკოლოგიურმა ზიანმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ლიტვის სეიმის თავმჯდომარის არუნას ვალიანსკასის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 4 მარტს დაიწყო და 6 მარტს დასრულდება.