პაატა დავითაია დასავლეთს კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლისკენ მოუწოდებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია დასავლეთის ლიდერებს სიტყვიერი მხარდაჭერიდან კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ პაატა დავითაიამ ჟურნალისტებთან ნატოს მინისტერიალზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ერთია სიტყვიერი მხარდაჭერა და მეორეა ის რეალობა, რომელიც დღეს საქართველოშია.
დავითაიას აზრით, დასავლელი პარტნიორები კონკრეტული ზომების მიღებაზე უნდა გადავიდნენ, რუსეთის წინააღმდეგ გასატარებელ ზომებში კი ქართველმა კანონმდებელმა ფინანსური ზეწოლა და ეკონომიკური ემბარგო დაასახელა.
მისი თქმით, რუსეთს სამხედრო აგრესია “გაუვიდა”, მოახდინა ანექსია და ამის საპასუხოდ არაფერი კეთდება.
“რუსეთი დიდი რვიანის შემადგენლობიდანაც არ გარიცხეს”, – განაცხადა დავითაიამ და დასძინა, რომ რუსეთს დღეს გამარჯვებულის სინდრომი აქვს, რაც მასზე ცუდად მოქმედებს.