„მრეწველებმა“ 9 აპრილის აქციის საორგანიზაციო შტაბი შექმნეს
პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში 9 აპრილის აქციის საორგანიზაციო შტაბი შეიქმნა.
შტაბს მოძრაობის წევრი მარინა წულუკიძე უხელმძღვანელებს, ოპოზიციური პარტიების ლიდერების კონსულტაციებში კი მოძრაობის ლიდერი ზურაბ ტყემალაძე მიიღებს მონაწილოებას.
„შტაბი 9 აპრილისთვის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს და გადაწყვეტს. მუშაობა სხვა ოპოზიციური პარტიების ანალოგიურ შტაბებთან კოორდინირებულად წარიმართება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ზურაბ ტყემალაძემ.
მისი განცხადებით, 9 აპრილის აქციისთვის „მრეწველები“ მხარდამჭერთა მობილიზებას არა მხოლოდ თბილისის რაიონებიდან, არამედ რეგიონებიდანაც მოახდენს. მოძრაობის ლიდერები თავად ჩავლენ რეგიონებში და მოსახლეობას ადგილზე შეხვდებიან.
„ჩემი აზრით, 9 აპრილს აქციაზე საკმაოდ ბევრი ხალხი მოვა, რამდენადაც მოსახლეობაში განწყობა საკმაოდ რადიკალური და ოპოზიციურია. მთავარია, მხარდამჭერები თავად ოპოზიციურმა პარტიებმა არ დააბნიონ“, - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.