ნინო ბურჯანაძის პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისთან ავტომანქანა აფეთქდა
თაბუკაშვილის ქუჩის პირველ ჩიხთან მდებარე “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისის მახლობლად წუხელ, დაახლოებით 23.30 საათზე აფეთქება მოხდა. საბედნიეროდ, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
როგორც “ინტერპრესნიუსს” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გეგელაშვილმა განუცხადა, აფეთქდა დაცვის პოლიციის სამსახურის კუთვნილი ავტომანქანა. დაცვის პოლიციის შენობა პარტიის ოფისთან ახლოს მდებარეობს.
აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები რიყეზე გამართული “უცნობის” აქცია-კონცერტიდან ბრუნდებოდნენ. ავტომანქანა მას შემდეგ აფეთქდა, რაც ახალგაზრდებმა მის გვერდით ჩაიარეს.
“დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ინციდენტი პოლიტიკურ პროვოკაციას არ ემსახურება და გამოძიება აფეთქების მიზეზებს დაადგენს.
შემთხვევის ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა კომენტარისგან თავი შეიკავეს და განაცხადეს, რომ ავტომანქანის აფეთქების მიზეზი კრიმინალისტების მიერ ჩატარებული მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.