“ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს მეთიუ ბრაიზას შეხვდა.
როგორც სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ისაუბრეს მოვლენათა შესაძლო განვითარებასა და არსებული სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაზე.
“ამერიკის მხრიდან არის დიდი დაინტერესება, რომ პროცესები წარიმართოს კონსტიტუციის ფარგლებში. საჭიროა დიალოგი, რათა მოხდეს საზოგადოებრივი ნების მშვიდობიანი გამოხატვა, ამასში ოპოზიციას და ხელისუფლებას დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ”, - განაცხადა ალასანიამ.
“ალიანსის” ლიდერმა კომენტარი გააკეთა მეთიუ ბრაიზას გუშინდელ განცხადებაზეც. კერძოდ, ბრაიზამ გუშინ განაცხადა, რომ “ქვეყანაში ვითარება რთულია და ინტენსიურად გამოითქმის განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ სწორედ ეს არის დემოკრატია და ხალხს უფლება აქვს, გამოხატოს თავისი შეხედულებები, თუმცა მხოლოდ კანონის ფარგლებში და ძალადობის გარეშე.
“ეს ხდება ზუსტად ამჟამად და ჩვენ მივესალმებით ენერგიულ საუბრებს. ასეთი საუბრები ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას და არჩევნების შემდგომი რაუნდის დროულ ვადაში – 2013 წელს ჩატარებას”,-აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ირაკლი ალასანიას თქმით, არჩევნები 2013 წლამდე დანიშნული არ არის და მეთიუ ბრაიზამ იგულისხმა სწორედ ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლისთვის არის დანიშნული.
“ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა კომენტარი გააკეთა თენგიზ კიტოვანის მიერ “რუსთავი 2”-ის ეთერით გამოსვლასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ეს არის კერძო მოქალაქის განცხადება, რომელსაც არანაირი სერიოზული დატვირთვა არ აქვს.