აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მეთიუ ბრაიზა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება და 9 აპრილს დაგეგმილი აქცია იყო.
გარდა ამისა, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბრაიზას განმარტება სთხოვეს გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების 2013 წელს ჩატარებას ეხება.
“ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, ამის შესახებ ბრაიზასგან განმარტება მიიღო.
“მან დააზუსტა, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, როდის იქნება არჩევნები, 2009-ში. 12-ში თუ 13-ში. უბრალოდ, მან იგულისხმა, რომ შემდეგი არჩევნებისთვის, როცა ის ჩატარდება, ნორმალური საარჩვენო კოდექსი და გარემო უნდა იყოს", - აღნიშნა გამყრელიძემ.
როგორც ცნობილია, ბრაიზამ გუშინ განაცხადა, რომ “ქვეყანაში ვითარება რთულია და ინტენსიურად გამოითქმის განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ სწორედ ეს არის დემოკრატია და ხალხს უფლება აქვს, გამოხატოს თავისი შეხედულებები, თუმცა მხოლოდ კანონის ფარგლებში და ძალადობის გარეშე.
“ეს ხდება ზუსტად ამჟამად და ჩვენ მივესალმებით ენერგიულ საუბრებს. ასეთი საუბრები ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას და არჩევნების შემდგომი რაუნდის დროულ ვადაში – 2013 წელს ჩატარებას”,-აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ამასთან, დავით გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია განსაკუთრებულად იზრუნებს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე, მომავალი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებისთვის.
მეთიუ ბრაიზა თბილისში გუშინ ჩამოვიდა. დღეს, 17.00 საათზე კი, ვიზიტის შედეგებს პრესკონფერენციაზე შეაჯამებს.