ფინანსების არარსებობის გამო ცხინვალში აღდგენითი სამუშაოები შეჩერდა
2009.03.14 15:36
ფინანსების არარსებობის გამო ცხინვალში აღდგენითი სამუშაოები შეჩერდა. რუსეთის მიერ გამოყოფილი 1,5 მილიარდი რუსული რუბლი ამოიწურა და, როგორც „ნიუს.რუ“ იუწყება, მოსკოვიდან დაფინანსება შეწყვეტილია.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში პროექტების რეალიზაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ კაბისოვის ინფორმაციით, „დაუფინანსებლობის გამო არც ერთ ობიექტზე აღდგენითი სამუშაოები არ მიმდინარეობს, ხელისუფლებამ ახალ წლამდე სამუშაოების მწარმოებლებს ავანსის სახით 30% აუნაზღაურა, მათ ეს თანხები უკვე აითვისეს და ახლა ბანკების ვალი დაუგროვდათ“.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ ზამთარში მშენებლობა მიზანშეუწონელი იყო, ქალაქ ცხინვალსა და რაიონებში ომით დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა არ დაწყებულა.
კაბისოვის განმარტებით, აღდგენითი სამუშაოების გაგრძელება დამოკიდებულია ფინანსების გამოყოფაზე, რაც რუსეთის რეგიონების განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროების გადასაწყვეტია.
რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის 2008 წლის 11 აგვისტოს განკარგულებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში აღდგენითი სამუშაოებისთვის 10 მილიარდი რუსული რუბლი გამოიყო. მიუხედავად ამისა, მოსკოვი უარს აცხადებს ცხინვალში დანარჩენი თანხის უკონტროლოდ გადარიცხვაზე, რისთვისაც აღდგენითი სამუშაოებისთვის რეგიონების განვითარების სამინისტროში სპეციალური დირექცია შექმნა.
როგორც მოსკოვში განმარტავენ, ამგვარი დირექციის შექმნამ ხელი შეუწყო ჩეჩნეთში აღდგენითი სამუშაოების წარმოებას. თუმცა, ცხინვალში თანხების ხარჯვის ამგვარი სქემა არ აწყობთ და მოსკოვს ახსენებენ, რომ სამხრეთ ოსეთი, ჩეჩნეთისგან განსხვავებით, დამოუკიდებელი რესპუბლიკაა, მოსკოვსა და ცხინვალს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები უნდა იყოს და ყველა საკითხი ამის გათვალისწინებით წყდებოდეს.