არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში ბრალდებულმა რუსმა ოფიცრებმა დანაშაული აღიარეს. პრაიმ-ნიუსთან ინტერვიუში თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ვერ დაადასტურა, თუმცა დასძინა, რომ ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით არაოფიციალურ ცნობებს თავადაც ფლობს. Aმისი თქმით, ამ საკითხზე საბოლოო სიტყვის თქმა გამოძიების პრეროგატივაა. ამასთან, თარგამაძე რუსეთის ხელისუფლებას ბრალდებულთათვის სერიოზული ადვოკატების აყვანას ურჩევს. მისი თქმით, ჯაშუშობა სერიოზული დანაშაულია და სერიოზულ სასჯელსაც ითვალისწინებს. შს სამინისტრომ ჯაშუშობის ბრალდებით ოთხშაბათს ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შტაბის ოთხი რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი დააკავა. იგივე ბრალდებით პოლიციამ ასევე დააკავა საქართველოს 11 მოქალაქე. ოთხ რუს მაღალჩინოსანს და საქართველოს თერთმეტ მოქალაქეს, საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში პარასკევს წაუყენეს ბრალი. ამ დროისთვის საქალაქო სასამართლო მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს იხილავს.