|
გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას აფხაზური პასპორტების ასაღებად სოხუმის მარიონეტულმა რეჟიმმა კიდევ ერთთვიანი ვადა მისცა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა პაატა შამუგიამ განუცხადა.
„გალის რაიონის მოსახლეობას აფხაზური პასპორტების აღება არ სურს, მაგრამ სეპარატისტული რეჟიმი ყველანაირად ცდილობს, მათ პასპორტები ააღებინოს. ამჯერად რაიონის ქართველობას აფხაზური პასპორტების ასაღებად ვადა 20 აპრილამდე მისცეს“, - განაცხადა პაატა შამუგიამ.
მისივე ინფორმაციით, აფხაზური პასპორტის უქონლობის შემთხვევაში თავდაპირველად ჯარიმაა დაწესებული, ხოლო უპასპორტოდ დაკავების მეორე შემთხვევაში გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს სამდღიანი პატიმრობა ემუქრებათ.
აფხაზური პასპორტების ასაღებად სოხუმის მარიონეტული რეჟიმის მიერ გალის რაიონის მოსახლეობისთვის მიცემული თავდაპირველი ვადა დღეს ამოიწურა.
|