|
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა ალიანსის მომდევო სამიტი, ნატო-ს გაფართოვებისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ რუსული სააგენტოები იუწყებიან.
„ჩვენ ვიმსჯელეთ იმ როლზე, რომელსაც ნატო რუსეთთან უერთიერთობაში თამაშობს, ასევე, თუ როგორ ცდილობს ჩემი ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობები გადატვირთოს“, - განაცხადა ბარაკ ობამამ.
მისივე თქმით, ეს ისეთი გზით უნდა გაკეთდეს, რომ ნატო-ს წევრობის წესებს შეესაბამებოდეს.
ობამას განცხადებით, აშშ-ს კვლავ მიაჩნია, რომ ნატო-ში შესვლის მსურველ სახელმწიფოებს ალიანსში შესვლა შეუძლიათ და ამის შესახებ ნათელი სიგნალი ევროპამ აუცილებლად უნდა მიიღოს.
სხეფერის განცხადებით კი, ევროპაში დაგეგმილ სამიტზე განხილვის ერთ-ერთი თემა ნატო-რუსეთის ურთიერთობები იქნება.
„არსებობს ბევრი ისეთი თემა, რომლებზეც ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ნატო-ს სჭირდება რუსეთი, რუსეთს კი - ნატო. ამიტომ საჭიროა, ერთად ვიმუშაოთ იმ საკითხებზე, რომლებზეც ვთანხმდებით და უთანხმოება არ უნდა დავმალოთ. მოდით, გავიგოთ, რომ ეს ურთიერთობები უნდა განმტკიცდეს“, - აღნიშნა სხეფერმა.
მისივე განცხადებით, ალიანსის მომავალ სამიტზე ნატო-ში ორი ახალი წევრის – ალბანეთისა და ხორვატიის შესვლის შესახებ გამოცხადდება.
|