|
„საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ“ და „მოძრაობამ ერთიანი საქართველოსთვის" ერთობლივი საგანგებო განცხადება გააკეთეს.
5-პუნქტიან განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალებში ნაჩვენებ პირს, რომელიც ჩართულია უკანონო საქმიანობაში, არანაირი შეხება არ აქვს 9 აპრილის ორგანიზატორ ოპოზიციურ პარტიებთან.
„ზემოაღნიშნული ქმედებები წარმოადგენს ხელისუფლების პროვოკაციას, საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს 9 აპრილის საპროტესტო აქციებიდან სხვადასხვა ტიპის პროვოკაციებზე; როგორც ამას ადგილი ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს“, - ნათქვამია განცხადებაში.
პარტიები მოუწოდებენ ოპოზიციიის მხარდამჭერებს, 9 აპრილამდე გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და ნუ წამოეგებიან მერაბიშვილის უწყების მომავალ პროვოკაციებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 9 აპრილის აქცია არის მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გაგრძელება, როგორც 2007 წლის ნოემბერში, 2008 წლის იანვარში, 2009 წლის აპრილშიც იარაღი არის მხოლოდ მშვიდობიანი პროტესტი.
„კონსერვატიული პარტია“ და „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, არ შეიცვლიან პოზიციას და სწორედ მშვიდობიანი პროტესტის გზით გააგრძელებენ ბრძოლას, მიიყვანენ მას ლოგიკურ დასასრულამდე _ მიხეილ სააკავშილის გადადგომამდე და თავისუფალ არჩევნებამდე.
„დღეს, როდესაც ხელისუფლება და მისი სატელიტი ორგანიზაციები, ნებსით თუ უნებლიედ, ახდენენ 9 აპრილის აქციის დისრკედიტაციას და მიუთითებენ აქციის კანონსაწინააღმდეგო, ქაოტურ ხასიათზე, ჩვენ ქვემორე ხელმომწერი ორგანიზაციები ვიღებთ პასუხისმგებლობას აქციის მშვიდობიან ხასიათზე“,-აღნიშნულია განცხადებაში.
პარტიები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ჯაშუშომანიის ისტერია, რაც საბჭოური პერიოდის „კა-გე-ბე“-ს ტრადიციების გაგრძელებას წარმოადგენს.
„ნებისმიერი სახის ძალადობა ან ძალადობის პროვოკაცია ნებისმიერი მხრიდან იქნება საქართველოს მტრობა და 2007 წლის ტრაგიკული შეცდომების გამეორება. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ღიად და მინიშნების გარეშე გააკეთოს განცხადება ძალის არგამოყენების შესახებ“, _ ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული პოლიტიკური პარტიები მოუწოდებენ პოლიციის თანამშრომლებს, დაემორჩილონ კანონს და არა უკანონო ბრძანებებს.
|