|
დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო საქართველოს საავტმობილო გზების ნაწილზე კვლავ შეზღუდვები რჩება.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 99-101 კმ-ებზე, რადგან ძლიერმა წვიმებმა და მეწყერულმა მოვლენებმა გზის სავალი ნაწილი წაიღო.
ზვავის გამო აკრძალუალია მოძრაობა აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის 0-20 კმ-ებზე.
დიდთოვლობის მიზეზით მესტია-უშგულის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ზვავსაშიშროების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ხოლო დიდთოვლობის მიზეზით სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
|