|
მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში რეაბილიტირებული მცირე ჰიდროელექტროსადგური გაიხსნა.
ჰესის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია ჰიდროელექტროსადგურის ახალმა მფლობელმა, კომპანია “ენტო”-მ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამამ “ენერგეტიკის განვითარება სოფლად” განახორციელეს.
ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, ჰესების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, რადგან ამით საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა იზრდება.
ვალიშვილის ინფორმაციით, მცირე ჰესების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ დაიწყება დიდი ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია.
მისაქციელის ჰესის რეაბილიტაციასა და მოდერნიზაციაზე 700 000 აშშ დოლარი დაიხარჯა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის USAID-მა გრანტის სახით 150 000 აშშ დოლარი გამოყო, ხოლო დანარჩენი კერძო ინვესტიციებით და კომერციული სესხებით დაფინანსდა.
გარდა ფინანსური დახმარებისა, პროგრამამ “ენერგეტიკის განვითარება სოფლად” ჰესის მფლობელებსა და ინვესტორებს ტექნიკური დახმარება გაუწია და შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარა.
რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის შემდეგ მისაქციელის მცირე ჰიდროელექტროსადგური მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობისთვის და ბიზნესსაქმიანობებისათვის 2,600 კვტ ეკოლოგიურად სუფთა, განახლებად ენერგიას გამოიმუშავებს.
მისაქციელის მცირე ჰესი მერვე ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც USAID-ის და პროგრამა “ენერგეტიკის განვითარება სოფლად” დახმარებით გაიხსნა.
აღნიშნული პროგრამა წელს სრულდება. პროგრამის 11,5 მლნ აშშ დოლარის ინიციატივა საქართველოს ენერგოსისტემას 10 მგვტ-ზე მეტი ეკოლოგიურად სუფთა, განახლებადი ენერგიით შეავსებს.
მისაქციელში ჰესის გახსნას აშშ-ს ელჩი ჯონ ტეფტი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე მარიამ ვალიშვილი დაესწრნენ.
|