|
ოპოზიციური პარტიების თითქმის მთელი სპექტრი დღეს ხელს მოაწერს რეზოლუციას, რომელშიც გამოხატულია მხარდაჭერა 9 აპრილის მანიფესტაციისადმი.
რეზოლუციის ტექსტი ეროვნული კრების ინიციატორებმა ვერის პარკის საკალათბურთო დარბაზში მიმდინარე ეროვნული კრების დამფუძნებელ ყრილობაზე გაავრცელეს.
“ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარს მიუახლოვდა. საზოგადოება ამჟღავნებს სრულ მზადყოფნას, წინ აღუდგეს საქართველოს სახელმწიფოს საფუძვლების ნგრევას და საკუთარ ხელში აიღოს ინიციატივა ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად. აუცილებელია საზოგადოების ფართო წრეების ჩართვა სახელმწიფოს მშენებლობაში და მათი აქტივობისთვის სრულიად ახალი სივრცის შექმნა. ამ ამოცანების განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესი გახდება წარმომადგენლობითი ეროვნული კრება, რომლის დაფუძნების პროცესს დღეს ვიწყებთ”,-ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
როგორც დღეს აღინიშნა, ეროვნულ კრება მიზნად ისახავს, ხალხთა წარმომადგენლობის არჩევით ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და მათ ერთიან მოქმედებას ქვეყნის გადასარჩენად.
“მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული კრება ფუძნდება დღეს, 31 მარტს. ეს დღე რეფერენდუმის დღეა, როდესაც 1990 წლის 31 მარტს საქართველოს მთელმა მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის დამოუკიდებლობას. სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგები და 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება გახდა საფუძველი საქართველოს დამოუკიდებელ ქვეყნად ცნობისა. დღევანდელი ხელისუფლების ყოველი დღე ქვეყნის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ქვეყნის გადარჩენა და განვითარება მოითხოვს, ხელისუფლების სათავეებიდან იმ მმართველი ჯგუფის ჩამოცილებას, რომელთა ერთპიროვნულმა და დანაშაულებრივმა ქმედებამ ამ დღემდე მიიყვანა ქვეყანა. 9 აპრილის სახალხო პროტესტი სწორედ ამისკენ არის მიმართული”, - ნათქვამია რეზოლუციაში.
|