|
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ჟენევის კონსულტაციების თანათავმჯდომარეებს პროქართულობასა და ტენდენციურობაში ადანაშაულებს.
როგორც ცხინვალის ე.წ. ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტი იუწყება, ამის შესახებ პოსტკონფლიქტური დარეგულირების პროცესში კოკოითის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა გაერო-ს, ეუთო-სა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„თანათავმჯდომარეები არაობიექტურები, ვიტყოდი, რომ სრულიად პროქართულები არიან. ჩვენ მათი მხრიდან სურათის რეალურ შეფასებას ვერ ვხედავთ. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა დამალონ მთელი ის ნეგატივი, რომელიც ქართული მხრიდან მოდის”, - განაცხადა ჩოჩიევმა.
მისივე თქმით, თანათავმჯდომარეები აბსოლუტურად არ გამოხატავენ საკუთარ აზრს, ევროკავშირის დამკვირვებლების მთავარი მიზანი კი “ქართული მხარის მიერ ჩადენილი უმსგავსობების საერთაშორისო თანამეგობრობისგან დამალვაა”.
„ისინი ვერ ხედავენ 35 ქართულ უკანონო პოსტს, ასევე, ყოველდღიურ პროვოკაციებს, რომლებიც იმ რაიონებში ხდება”, - განაცხადა ჩოჩიევმა.
გაერო-ს, ეუთო-სა და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლები იოჰან ვერბეკე, ხარლამპოს ხრისტოროლუსმა და პიერ მორელი ცხინვალში გუშინ იმყოფებოდნენ, სადაც ჟენევის კონსულტაციების მომდევნო რაუნდი განიხილეს.
|